ახალი ამბები

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

14 ნოემბერი, 2017 • 1366
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული მოქალაქეს პროკურატურის თანამშრომლად გაეცნო და  თანხის სანაცვლოდ მისი ძმის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებას დაჰპირდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  ზ.თ.  ბრალდებულ ტ.მ-ს ძმას გაეცნო, როგორც  პროკურატურის თანამშრომელი და დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან, რის შემდეგაც  დაჰპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ტ.მ-ს  საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებული ზ.თ-ს  მოთხოვნას დათანხმდა და 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი სრულად გადაუხადა, ხოლო ზ.თ. აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე.

დაკავებულს ბრალდება წარედგინება კანონით დადგენილ ვადებში და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი