Interviewsახალი ამბებიკომენტარი

მთავრობა უნდა გადადგეს სრულად – “პატრიოტების” შეფასება სამთავრობო ცვლილებებზე

14 ნოემბერი, 2017 • 4142
მთავრობა უნდა გადადგეს სრულად – “პატრიოტების” შეფასება სამთავრობო ცვლილებებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ 13 ნოემბერს გაცხადებული ცვლილებების ტალღა როგორც საკადრო, ისე სტრუქტურულ გადაადგილებებს მოიცავს. სამინისტროების რიცხვი 14-მდე მცირდება, გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ჩამოსცილდება, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო და საგარეო დაზვერვის სამსახური კი, დღევანდელი სახით, არსებობას შეწყვეტს. სამთავრობო კაბინეტს ტოვებს ან პოზიციას იცვლის რამდენიმე მინისტრიც.

რას უკავშირდება და რას მოუტანს სახელმწიფოს აღნიშნული ცვლილებები, იგრძნობა თუ არა მათზე ირიბი გავლენა ექსპრემიერ ივანიშვილის მხრიდან და როგორ შეიძლება გადანაწილდეს პროცესის შედეგად ძალთა ბალანსი მმართველ გუნდში? – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, გოჩა თევდორაძეს ესაუბრა.

თქვენი აზრით, რას ემსახურება საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში და რამდენად რეალისტურია მთავრობის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები მთავრობის მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის და ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს?

თავისთავად ცხადია, რომ ამ ცვლილებებს გარკვეული ხარჯების შემცირება მოჰყვება, მაგრამ როგორ მიზნობრივად დაიხარჯება ეს თანხები, ეს სხვა თემაა – ეს იქნება ხელისუფლებისგან გასათვალისწინებელი. ფინანსურ თემას რომ თავი დავანებოთ, ცხადია, რომ ეს არავითარი ეფექტის მომტანი არ იქნება. ეს არის ისევ ჩვეულებრივი კარუსელი მთავრობაში; ჩვენ ვხედავთ, რომ მინისტრებმა ძირითადად გაცვალეს პოსტები.

როდესაც ლარის დევალვაცია ასეთი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ამ დროს ფინანსთა მინისტრი გაერთიანებული სამინისტროების მინისტრი ხდება, ასევე, ინარჩუნებს ვიცეპრემიერის პოსტს, არა მგონია, რომ ეს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგეს და რაიმე ეფექტიან მუშაობას განსაზღვრავდეს. ამიტომ, რეალურად, ვერ ვხედავ იმას, რომ რაღაც ეფექტის მომტანი ცვლილებები იყოს ეს, თუნდაც იმას, რომ გარკვეული თანხების გამოთავისუფლებას გააკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული სტრუქტურული ცვლილებებით და მინისტრების გადაადგილებით, როგორ ფიქრობთ, გუნდის შიგნით ვისი გავლენის გაძლიერებაზე შეიძლება ვისაუბროთ და რამდენად ხედავთ თქვენ ამ გადაწყვეტილებებში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას და როლს?

თავისთავად ცხადია, რომ არ შეიძლება გამოვრიცხოთ ბიძინა ივანიშვილის როლი; ის, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია და მისგან ნებადართულია ეს ცვლილებები, თუნდაც მთავრობის შიგნით ვინმეს ინტერესების გაძლიერებას ემსახურებოდეს. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გარედან ასეთ აღქმას ვერ პოვებს. არა მგონია, რომ მთავრობაში ვინმე იყოს ისეთი ფიგურა, მით უმეტეს, პრემიერი, რომელიც პოლიტიკისათვის რაიმე საოცრად ღირებულს წარმოადგენდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავრობის ეს ცვლილებები, თუ ფინანსურს არ ჩავთვლით, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ დაიხარჯება, ვერანაირი დადებითი ეფექტის მომტანი ვერ იქნება.

პატრიოტთა ალიანსი უკვე თვეზე მეტია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ამასთანავე, გვქონდა არაერთი ფართომასშტაბიანი აქცია და ვთვლით, რომ პრემიერ-მინისტრი და ეს მთავრობა უნდა გადადგეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალურად მოხდეს სისტემური ცვლილებები; იმისთვის, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ ნეპოტიზმისგან, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა წავიდეს გაჯანსაღებისკენ, ხელისუფლებამ იზრუნოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ამ მიზნის მიღწევის გზაზე გადასაჭრელი ამოცანა იყოს სხვა ბევრი, რომლის ჩამონათვალიც გვაქვს გაკეთებული, უნდა შეიცვალოს მთავრობა, რათა ის ერთპარტიულად არ ღებულებდეს ქვეყნის უზენაეს კანონს – კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას დღეს ხელს ვერ უწყობს.

კრიზისების მართვის და უსაფრთხოების საბჭოს შეერთება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, რომელიც უნდა იყოს ოპერატიული ორგანო, ასევე, საგარეო დაზვერვის მიერთება ოპერატიულ ორგანოსთან – სუსთან, იმ ფონზე, როცა უქმდება კონსტიტუციის მიხედვით უშიშროების საბჭო, ხომ არ უქმნის საფრთხეს ეროვნული უშიშროების გრძელვადიანი ანალიზის საკითხებს და ამ მიმართულებით ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიას?

თავისთავად ცხადია, კონსტიტუციური ჩარჩოდან არ უნდა გამოსულიყო ის სტრუქტურა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელი და უნდა არსებულიყო. დღეს, როდესაც ამ სტრუქტურების შერწყმაზე ვსაუბრობთ და წარმოგვიჩენენ, თითქოს ეს ქვეყნის უსაფრთხოებას უთუოდ პოზიტიურად წაადგება, ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ამიტომ ამაზე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა. თუმცა დღეს ძნელია იმის თქმა, რომ ეს რაიმე პოზიტივს ან ნეგატივს მოიტანს – ამას დრო გვიჩვენებს.

მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გაქვს, როდესაც ყველა საგარეო თუ საშინაო საკითხზე პრობლემატური გამოწვევები გაქვს და კონსტიტუციით აუქმებ ერთ სტრუქტურას, ხოლო შემდეგ რამდენიმე სტრუქტურის შერწყმა ხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს.

“ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუზარდა უფლებამოსილებები და ბუნებრივი რესურსები დაუბრუნა ამ უწყებას, ხოლო მიმდინარე ცვლილებებით ისევ გამოაკლდა ეს კომპონენტი გარემოს დაცვას. თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება?

ამაზე პასუხი ერთადერთია – ხელისუფლება არათანმიმდევრულ, არაკომპეტენტურ და ხშირ შემთხვევაში გაუთვლელ ნაბიჯებს დგამს. ასევე, პარალელი შეიძლება გავავლოთ 2014 წელს ხელისუფლების კიდევ ერთ გადაწყვეტილებასთან. დიდი პიარკამპანია აწარმოეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესში იყო მთავრობა ჩართული და ახალისებდა ამ პროცესს, თვითმმართველი ქალაქების სტატუსი მიანიჭეს: ოზურგეთს, ზუგდიდს, მცხეთას, ახალციხეს და სხვა ქალაქებს. ორი წლის შემდეგ ხელისუფლება ისეთივე წარმატებით გვიმტკიცებდა, რომ უკუსვლა უნდა გაეკეთბინა და თვითმმართველი ქალაქების სტატუსები უნდა ჩამოერთმია ისევ, რაც თითქოს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

ანალოგიურ სიტუაციაში ვართ ახლაც: ხელისუფლება 2012 წელს ღებულობს თითქოს მნიშვნელოვან ცვლილებას და შემდეგ ისევ უკუსვლას აკეთებს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩანს, რომ გაუთვლელ და არაკომპეტენტურ ნაბიჯებს დგამენ.

მთავრობის ცვლილებებით, ასევე უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც არაერთ არაპოპულარულ თემასთან იყო კავშირში, მათ შორის, ყველაზე სადავო საკითხები ჰესებთან დაკავშირებით იყო. იყო თუ არა ეს ფაქტორი ის მიზეზი, რის გამოც მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო? ასევე, რა როლი ითამაშა კახა კალაძის ამ უწყებიდან წამოსვლამ და მერიაში გადანაცვლებამ?

არ არის გამორიცხული, რომ ამ უწყების შეერთება ენერგეტიკის სამინისტროსთან იყოს გარკვეულწილად გათვილი იმაზე, რომ კალაძის გავლენები აქ საბოლოოდ შესუსტდეს და გაქრეს, ხოლო ამის ხარჯზე გაიზარდოს პრემიერ-მინისტრის გავლენა. თუმცა, რეალურად, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს ცვლილებები რაღაც პოზიტიურს მოიტანს ქვეყნისთვის.

ვთვლით, რომ ეს ხელისუფლება, რომელმაც თავი ვერ გაართვა იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ის არჩევნების გზით აკეთებს ძალაუფლების უზურპაციას და მხოლოდ ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნებაზე ფიქრობს. მთავრობა უნდა გადადგეს სრულად, უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი. თავისთავად ცხადია, ეს გამოიწვევს ხელისუფლების გადადგომას და არა ის, რომ რაღაც გარკვეული გაერთიანებები სამინისტროებისა, ცალკე გამოყოფა და მინისტრების შეცვლა, რეალურად, სასიკეთო ცვლილებებს ვერ მოუტანს ქვეყანას.

რეალურად, როდის შეიძლება დავინახოთ, იქნება თუ არა მართლა ეფექტიანი მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით და შემცირდება თუ არა ამით ბიუროკრატია?

თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ცვლილებები უნდა აისახოს ბიუჯეტში. როდესაც “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გაგრძელებას აანონსებ და ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც ასეთი ცვლილებების ბიუროკრატიის შემცირებაა, ეს უნდა აისახოს ქვეყნის 2018 წლის ბიუჯეტში. ეს რეალურად უნდა იგრძნოს მოსახლეობამ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი პოზიტივი ჩვენ გვექნება.

ეს ცვლილებები იქნება მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრა და ისევ იმ მოლოდინების გაჩენა, თითქოს ამა თუ იმ მინისტრის ჩანაცვლებით ამა თუ იმ დარგში პოზიტიურად შეიცვლება ვითარება. ეს მოლოდინი გაქრება რამდენიმე თვეში, როდესაც ჩვენი მოსახლეობა რეალურად დაინახავს, რომ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არცერთი კუთხით- ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ეს თუ სხვა – არ შეიცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი