ახალი ამბები

თალაკვაძე – პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას, მზად ვარ, გამარჯვებულს მივულოცო

14 ნოემბერი, 2017 • 2351
თალაკვაძე – პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას, მზად ვარ, გამარჯვებულს მივულოცო

“მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისია ერთ უბანთან დაკავშირებულ დავას განიხილავს, ჩემთვის საზოგადოების არჩევანი ნათელია და პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას. მე მზად ვარ, გამარჯვებულს მივულოცო”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ავრცელებს.

“საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. შეჯიბრი რეალურ პროგრამებს, ძლიერ კანდიდატებს და პარტიებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოჩნდა.

მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” მაღალი ნდობა მიიღო საზოგადოებისგან. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას, კარგი გაშუქებისთვის.

მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ოზურგეთშიც. ხალხმა საკუთარი არჩევანი გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისია ერთ უბანთან დაკავშირებულ დავას განიხილავს, ჩემთვის საზოგადოების არჩევანი ნათელია და პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას. მე მზად ვარ, გამარჯვებულს მივულოცო. 

როგორც თქვენ მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გავაგრძელებ მუშაობას ახლად არჩეულ მერთან, საკრებულოსთან, გუბერნატორთან, არასამთავრობო და კერძო სექტორთან, ასევე, მედიასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წარმატებისთვის”, – აცხადებს თალაკვაძე.

ნასაკირალის N59-ე საარჩევნო უბნის სადავო ოქმი, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ გადაწყვიტა, ცესკოს ვებგვერდზეც აისახა.

ოზურგეთში ყველა უბნის დათვლის შედეგად კონსტანტინე შარაშენიძემ სახელისუფლებო კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით მოუგო. ოცნება ზემოხსენებული უბნის შედეგს ასაჩივრებს.

გადამწყვეტი გამოდგა სწორედ ნასაკირალში მდებარე N59 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც ოპოზიციონერმა კანდიდატმა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი 114 ხმით დაამარცხა. მანამდე, 62-დან 61 უბნის შედეგებით, სახელისუფლებო კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე 35 ხმით უსწრებდა კონსტანტინე შარაშენიძეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი