ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნაურუს პრეზიდენტი ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ინტერესების ლობირებას დაჰპირდა

14 ნოემბერი, 2017 • 3295
ნაურუს პრეზიდენტი ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ინტერესების ლობირებას დაჰპირდა

ნაურუს პრეზინდეტი, ბარონ ვაკა მოსკოვში შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს წყნარი ოკეანის რეგიონში ინტერესების ლობირებას დაჰპირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბილოვის ადმინიტრაცია ავრცელებს.

“გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელსაც სამხრეთ ოსეთი აწყდება. მზად ვართ, ყველანაირად მხარი დავუჭიროთ რესპუბლიკის სწრაფვას მისი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ლობირებას რეგიონში. დღეს წყნარი ოკეანის რეგიონის მხოლოდ ერთი ქვეყანა – ნაურუ აღიარებს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება. ამაზე ვიმუშავებთ”.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ნაურუს საგარეოს გაუგზავნეს ნოტა თხოვნით, აკრედიტაცია მისცენ სამხრეთ ოსეთისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეს, თაიმურაზ ბიტიევს, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლნად დანიშვნაზე.

მოსკოვში ბიბილოვთან შეხვედრამდე ნაურუს პრეზიდენტი აფხაზეთში იმყოფებოდა. 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ნაურუს [მოსახლეობა დაახლოებით 10 ათასი] გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ და მისი დახმარებითვე, ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარეს. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული ჰქონდათ ასევე ვანუატუსა და ტუვალუს, რომლებმაც მოგვიანებით ამ აღიარებაზე უარი თქვეს.

2017 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხებოდა.

კერძოდ, ამ აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ახალი რეგულაციის შესაბამისად, ცვლილებები ნაურუს ფინანსურ მხარდაჭერასაც უნდა შეხებოდა.

როგორც რამდენიმე თვის წინ ახალზელანდიური გამოცემა radionz.co.nz წერდა, ნაურუს რესპუბლიკა, რომელსაც დახმარებას უწევენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, აშშ-ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს – ნაურუს ფინანსურად ეხმარებიან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციის მსხვილი ფინანსური პარტნიორია აშშ.

ანატოლი ბიბილოვი, ბარონ ვაკა; ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი