ნაცვლიშვილი ომბუდსმენის პოსტზე NGO-ების კანდიდატებიდან ვახუშტი მენაბდეს ემხრობა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუკი პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხილულ კანდიდატებზე იმსჯელებს, იგი ვახუშტი მენაბდეს დაუჭერს მხარს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რომელ კანდიდატს დაასახელებს ამ პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობა.

“ვიცი ძირითადად კანდიდატურები, რომლებიც თვითონ არასამთავრობო სექტორში მოიაზრება, ესენი არიან ზვიად ქორიძე, ვახუშტი მენაბდე და ანა ნაცვლიშვილი. პარალამენტში ასე ცალსახად კანდიდატურა ჯერ არ არის, რომელიც შეიძლება უმრავლესობის მხრიდან იქნას დასახელებული, ამიტომ, უნდა დაველოდოთ.

მე მაქვს ჩემი პრეფერენციები არასამთავრობო სექტორიდან დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით. თუ არასამთავრობო სექტორის კადიდატურა იქნება განხილული, ამ სამი კანდიდატურიდან ერთ-ერთი, იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილებიდან გამომდინარე, რაზეც ვახუშტი მენაბდე ამახვილებს ხოლმე ყურადღებას, ისინი ჩემ ინტერესებსაც ძალიან ემთხვევა, ეს არის სოციალური საკითხები, განსაკუთრებით, შრომითი უფლებები, საცხოვრებლის საკითხი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს გარკვეული თვალსაზრისით მივიწყებული იყო აქამდე, ანუ, არა კომპლექსურად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სტიქიურად განიხილებოდა. ჩემი დამოკიდებულება ამ კანდიდატთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ორს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაინც გადაიხრებოდა ვახუშტი მენაბდის მხრეს,”- განაცხადა მან.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ეყოლება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი კანდიდატი, მან განაცხადა, რომ ეს კადიდატი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

“არ ვიცი, შეიძლება დაასახელოს სამოქალაქო სექტორის შემოთავაზებული კანდიდატი, არ ვიცი, შეიძლება დაასახელოს სხვა კანდიდატი. ანუ, ჯერჯერობით არ დასახელებულა, ამაზე მსჯელობა არ გამართულა. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, გამართულიყო იმიტომ, რომ ვესწრები ყველს სხდომას და მსჯელობას,”- ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

კითხვაზე, ოფიციალურად შესთავაზა თუ არა პარლამენტს არასამთავრობო სექტორმა ეს კადიდატები, ბექა ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ამ კანდიდატების შესახებ თავად არასამთავრობო სექტორისგან გაიგო:

“არ ვიცი, გაკეთდა თუ არა [ოფიციალური შეთავაზება], ეს უბრალოდ ჩემი ინფორმაციაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ სექტორში მოიაზრებენ თავს, რომ მათ წიაღში ეს სამი კანდიდატი განიხილება,”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი