ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს და ენმ-ის ფრაქციები იქმნება

14 ნოემბერი, 2017 • 1619
თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს და ენმ-ის ფრაქციები იქმნება

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოში ენმ და ევროპული საქართველო თითო-თითო ფრაქციას ქმნიან, პატრიოტთა ალიანსი უფრაქციოდ რჩება, ოცნებას კი ჯერ არ გაურკვევია ეს საკითხი.

საკრებულოს წევრმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ ისინი ორი წევრით არიან საკრებულოში წარმოდგენილი და, შესაბამისად, ფრაქციის გარეშე იმუშავებენ. როგორც თევდორაძემ განაცხადა, არ აპირებენ ვინმესთან გაერთიანებას.

თევდორაძის განცხადებით, სხვადასხვა ინიციატივას დააყენებენ საკრებულოს წინაშე, მცირე ბიზნესის განვითარებისა და სხვადასხვა მიმართულებით.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ხუთი წევრით ქმნიან ფრაქციას. ფრაქციაში შედიან ლევან ხაბეიშვილი, მარიკა დათუკიშვილი, ლილე ლიპარტელიანი, ნიკა ვაჩეიშვილი და ირაკლი ნადირაძე.

ევროპული საქართველოც აპირებს ფრაქციის შექმნას სამი წევრით. ფრაქციაში შევლენ ელენე ოზაშვილი, დავით ჟღენტი და გიორგი გაბაშვილი.

საკრებულო დატოვეს დავით დარჩიაშვილმა და დავით ავალიანმა. დარჩიაშვილის განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდათ დათქმა, რომ ვინც უფრო მაღალ შედეგს მიიღებდა მაჟორიტარულ არჩევნებში, ისინი გადაინაცვლებდნენ მოწინავე პოზიციებზე.

“ვრჩები პარტიის წევრად და ამავე დროს ვკითხულობ ლექციებს”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ქართული ოცნების წევრმა, რიმა ბერაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ფრაქციის საკითხზე ჯერ არ შეთანხმებულან და ხვალ გაირკვევა აღნიშნული საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი