ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ უნდა ვცდილობდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განვითარებას?

15 ნოემბერი, 2017 • 10252
რატომ უნდა ვცდილობდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განვითარებას?

ვანო აბრამაშვილი, “კავკასიური სახლის” მკვლევარი

25 წელზე მეტია, რაც საქართველო ორი მოუგვარებელი კონფლიქტით ცხოვრობს. ამ წლების განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა, მაგრამ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის  სტრატეგია მეტნაკლებად იგივე დარჩა: ერთი მხრივ, დე ფაქტო რეჟიმებთან ბრძოლა, მეორე მხრივ კი – იქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე მინიმალური პასუხისმგებლობის აღება.

მართალია, 2010 წელს დამტკიცებული „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ მისი ჰუმანოცენტრული პოლიტიკით ამ მიდგომების ფუნდამენტურ გააზრებას ისახავდა მიზნად, თუმცა დოკუმენტის მიღებისთანავე ნათელი იყო, რომ გაწერილი იდეების უმეტესობას განხორციელება არ ეწერა. შედეგად, დღემდე მტკიცედაა შეკრული ის წრე, რომელზეც ბოლო ათწლეულებია, ქართული პოლიტიკური ელიტა ტრიალებს.

რა შეიძლება ამ ჩიხიდან გამოსვლაში დაგვეხმაროს? პასუხი განვითარებაშია, მთლიანად საქართველოს განვითარებაში, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში სრულიად ბუნებრივი და ურყევი კონსენსუსი არსებობს ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ მყოფი ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, იმავეს თქმა შეუძლებელია დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებად რეგიონებზე. ამის უკან, როგორც წესი, დგას შიში, რომ ეს  ნაბიჯი შეიძლება სუიციდური აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, კერძოდ, შესაძლოა ამ რეგიონების განვითარებამ გაზარდოს მათი დე ფაქტო დამოუკიდებლობის ხარისხი, დააზიანოს არაღიარების პოლიტიკა და კიდევ უფრო დააშოროს თბილისს.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობა უპირველეს ყოვლისა თბილისის ინტერესებში უნდა შედიოდეს. თუმცა, სანამ არგუმენტაციაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია, რომ მოკლედ დაზუსტდეს თავად ცნება „განვითარების“ შინაარსი. კერძოდ, ამ შემთხვევაში ის აღქმული უნდა იყოს მისი ფართო გაგებით, რომელიც ერთდროულად მოიცავს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და ადამიანურ განვითარებას.

[blue_box]არგუმენტი 1.  რუსეთის გავლენის შესუსტება ოკუპირებულ ტერიტორიებზე[/blue_box]

პირველი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ცდილობდეს თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განვითარებას, არის ამ რეგიონებში რუსეთის მზარდი პოლიტიკური, ეკონომიკური, ინფორმაციული და კულტურული გავლენის შემცირება. პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს შეუძლია გადადგას, არის განადგურებული აფხაზური და ოსური ეკონომიკური სისტემების აღორძინება, რაც მოსკოვს ხელს ნამდვილად არ აძლევს, ვინაიდან ის ამ რეგიონებს სამხედრო პლაცდარმად და ბუნებრივი რესურსების “ამოწოვის” წყაროდ მოიაზრებს. ეს ტენდენცია არაერთხელ გამოჩნდა, მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის წინასამზადისის დროს და რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან 600 ათასი ტონა ინერტული მასალის გატანაზე შეთანხმების დადებისას.

გამომდინარე იქიდან, რომ მატერიალური და პრაგმატული ინტერესები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაპირისპირება, საქართველოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს ექნება პოტენციალი, გახდეს ოკუპირებული რეგიონების დამაკავშირებელი დანარჩენ ქვეყანასთან. კერძოდ, თუკი თბილისი ხელს შეუწყობს ადგილზე წარმოებითი ეკონომიკის განვითარებას, ეს არა მარტო იქ მცხოვრები ადამიანების ყოფას გააუმჯობესებს, არამედ საქართველოს საშუალებას მისცემს, ნაწილობრივ მაინც გამოიყვანოს რუსული ეკონომიკური გავლენის ზონიდან და თავად „მიიბას“ ეს რეგიონები. ეს უმთავრესად გამოიხატება ნედლეულით ვაჭრობასა და შემდეგ, უკვე საქართველოს გავლით, უმნიშვნელოვანეს ბაზრებზე აფხაზური და ოსური ნაწარმის გატანაში. ამით თბილისს შანსი მიეცემა, რეალურად და არა რიტორიკის დონეზე, ჩართოს სოხუმი და ცხინვალი ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში“ (DCFTA).

ამასთან, დნესტრისპირეთის მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ ეს მიდგომა მუშაობს, კერძოდ, მოლდოვის ჩართულობა DCFTA-ში საშუალებას აძლევს ტირასპოლს, კიშინოვის ქოლგის ქვეშ გაიტანოს საკუთარი ინდუსტრიული ნაწარმი ევროპულ ბაზრებზე, რაც ბუნებრივია, კონფლიქტის მხარეებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ უბიძგებს.

ეკონომიკური აღორძინების ხელშეწყობის გარდა უმნიშვნელოვანესია, საქართველომ კიდევ უფრო მეტად იზრუნოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა ე.წ ადამიანურ განვითარებაზე (Human Development).

ამ მხრივ მათი ჩართვა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში მართლაც წარმატებული ნაბიჯია, თუმცა, ცალსახად – არასაკმარისი. ჯანდაცვის გარდა აუცილებელია, თბილისმა ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზოს განათლების მიღების ფართო და მასობრივად ხელმისაწვდომი შესაძლებლობები თავის ტერიტორიაზე ან დასავლურ ქვეყნებში, რომელიც ჩამოაცილებდა მათ რუსული განათლების სისტემისგან და საშუალებას მისცემდა, კრიტიკულად შეეხედათ საკუთარი ყოფისთვის. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა რუსულ უპირობო საინფორმაციო, კულტურულ და პოლიტიკურ გავლენას აფხაზ და ოს მოსახლეობაზე, რაც ისევ და ისევ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის მენტალური ნაპრალის გაღრმავებას ემსახურება.

შემოდგომა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა. 2017

[red_box]არგუმენტი 2. შერიგების პროცესის სტიმულირება[/red_box]

დღემდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თბილისი, როგორც მინი-იმპერიალისტური ძალა – ისე წარმოჩინდება. ადგილობრივი პოლიტიკური ელიტები საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად და მძიმე სოციალური ფონის გადასაფარად აქტიურად მანიპულირებენ საქართველოს მტრის ხატით, რაც ბუნებრივია, ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას  სულ უფრო ართულებს. გამომდინარე აქედან, წლების განმავლობაში თბილისის მთავარ სამიზნედ დე ფაქტო რეჟიმებისთვის ძირის გამოთხრა იყო ქცეული, რაც ყოველთვის საპირისპირო შედეგით სრულდებოდა (მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა ედუარდ კოკოითის მიმართ). დღეს მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა ისედაც თვითიზოლაციისკენ მიდრეკილი ელიტების განეიტრალებისკენ, არამედ ერთმანეთისგან გაყოფილ საზოგადოებებს შორის გრძელვადიანი შერიგების პროცესის გაღრმავებისკენ.

რუსული ოკუპაციის დასრულების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, საქართველო ახალი კონფლიქტის საფრთხის წინაშე დადგეს, თუკი კულტურული, ეკონომიკური და ფასეულობითი სხვაობა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის იმდენად ასიმეტრიული იქნება, რომ ერთიანი სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საქართველოს გააჩნდეს გრძელვადიანი ხედვა, „სტრატეგიული მოთმინება“ და გამბედაობა, რომ დღესვე შეუდგეს საკუთარი რეგიონების განვითარებას, რათა დიადი მიზანი იმედგაცრუებად არ ექცეს.

არგუმენტი 3. ისტორია გვეუბნება, რომ ეს მიდგომა ამართლებს

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი მიზეზი იმისა, თუ რატომაა მომგებიანი საქართველოსთვის განვითარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხილვა, არის მარტივი არგუმენტი – ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს მიდგომა ამართლებს. იმისთვის, რომ საქართველოს არ მოუწიოს დროის კიდევ უფრო მეტად დაკარგვა, რაც ისედაც მის წინააღმდეგ მუშაობს, საჭიროა ისტორიიდან გაკვეთილების სწავლა, საიდანაც ერთ–ერთი გერმანიის გაერთიანებაა.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთ გერმანიასა და საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ გერმანიას შორის ფიზიკური და იდეოლოგიური გათიშულობა წარმოიშვა. 24 წლის განმავლობაში დასავლეთ გერმანია სისტემატურად ცდილობდა გდრ–ის ხელისუფლების იზოლაციას და მასთან ბრძოლას, თუმცა 1969 წელს, როცა გერმანიის კანცლერად სოციალ-დემოკრატი ვილი ბრანდტი აირჩიეს, სახელმწიფო პოლიტიკა სრულიად შეიცვალა. მის მიერ განხორციელებული „ოსტპოლიტიკა“ არა აღმოსავლეთ გერმანიის რეჟიმის დაუყოვნებლივ ძირის გამოთხრას, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის რაც შეიძლება მეტი კარის გაღებას ისახავდა მიზნად.

ვილი ბრანდტს სწამდა, რომ გერმანიის გაერთიანება და ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცება შესაძლებელი იყო არა შიშითა და ვიწრო ნაციონალისტური ისტერიით, არამედ გამბედაობითა და ადამიანებს შორის მრავალმხრივი კავშირების ადღგენით, თანამშრომლობის ხელშეწყობითა და მათი სოციალურ–ეკონომიკური განვითარებით. ამასთან, იმის გაანალიზება, რომ თავად გერმანიის გაყოფა დროებით, ხელოვნურ ფაქტს წარმოადგენდა და ეს სახელმწიფოები მაინც „ვერასდროს იქნებოდნენ უცხო ერთმანეთისთვის“,   ბრანდტს კიდევ უფრო მეტ სითამამეს აძლევდა, რაც მის შემდგომ კანცლერებსაც გაჰყვათ. მართლაც, მისი და მისი თანამებრძოლის, ეგონ ბარის „ოსტპოლიტიკამ“ და „თანამშრომლობის გზით ცვლილებამ“ თავისი საბოლოო ნაყოფი 1990 წელს, გერმანიის გაერთიანების სახით გამოიღო.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოსთვის აუცილებელია, კიდევ ერთხელ გაიაზროს თავისი მიდგომები და დაიწყოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ გრძელვადიანი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკის გატარება, რომელიც იქნება ორმხრივ განვითარებაზე, ნდობის აღდგენასა და, რაც მთავარია, მდგრადი მშვიდობის მშენებლობაზე ორიენტირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი