ახალი ამბები

ალიბეგაშვილი ქართული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ინიშნება

14 ნოემბერი, 2017 • 1622
ალიბეგაშვილი ქართული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ინიშნება

თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს საკრებულოს, მის ნაცვლად კი საკრებულოში, სავარაუდოდ, დავით ჟორჟოლიანი შევა.

“მე გადავინაცვლებ არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე. ქართული ენის სახელწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვინიშნები. მივმართავ როგორც ჟურნალისტებს, ასევე, ჩვენს თანამოქალაქეებს, რათა მათ ერთად იზრუნონ ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ ქვაკუთხედზე, ქართული ენის განმტკიცებაზე”, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

საკრებულოში დაზუსტებით ვერ ამბობენ, შევა თუ არა საკრებულოში ოცნების პროპორციული სიის მეთექვსმეტე წევრი დავით ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება ენის დეპარტამენტს, ალიბეგაშვილი ამბობს, რომ დეპარტამენტი მრავალი მიმართულებით იმუშავებს.

ალიბეგაშვილის თქმით, ადგენენ დებულებას, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა, და ამის შემდეგ დეპარტამენტი მუშაობას დაიწყებს.

“ძალიან ბევრი მიმართულებაა, თქვენ იცით, როგორი ქაოსური მდგომარეობაა, მოწესრიგება უნდა… იგივე გარე აბრები იქნება, ენობრივი საკითხები, რომელიც ჟურნალისტებს ძალიან მოგეთხოვებათ. თქვენი მოსახლეობა თქვენ გისმენთ, რომ რაც შეიძლება გამართულად ვისაუბროთ”, – ამბობს ალიბეგაშვილი.

მისი თქმით, დეპარტამენტი იმუშავებს დიასპორასთან უცხოეთში, რათა ახალმა თაობებმა იცოდნენ ქართული, ასევე, საქართველოს რეგიონებში, რომ იქ მცხოვრებმა ენობრივმა უმცირესობებმა ქართული ენა ისწავლონ.

კითხვაზე, რა მეთოდებით დაიცავს დეპარტამენტი ენას, ალიბეგაშვილმა ასე უპასუხა:

“დეპარტამენტს ერთ-ერთ ფუნქციად უნდა განესაზღვროს, აღსრულდეს ის კანონი, რომლის დაცვაც ყველას მოეთხოვება. რომელი უწყება დაუდგება ამ დეპარტამენტს მხარში, რა უფლებამოსილება ექნება”,- განაცხადა ალიბეგაშვილმა.

აღნიშნული განცხადება გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადა, სადაც დღეს, 14 ნოემბერს, ახლად მოწვეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. დღესვე მან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი