ახალი ამბები

ჩხენკელი: ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს

14 ნოემბერი, 2017 • 3273
ჩხენკელი:  ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს ჟურნალისტების კონკრეტულ შეკითხვებს არ უპასუხა, თუ როგორ და რომელი საკითხის მოგვარებით აპირებს მუშაობის დაწყებას განათლების სისტემაში.

“გამოწვევები ძალიან ბევრია. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლების დარგს აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი და განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება, ეს იქნება ჩვენი სამინისტროს მთავარი საკითხი. უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ძალიან კარგი თაობა მოდის და ამ თაობას ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მათი ნიჭის და პოტენციალის რეალიზება მოხდეს”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებზე ის მალე წარადგენს მოქმედების კონკრეტულ გეგმას.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, შინაარსობრივად რა ტიპის იქნება ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტი, რომელიც სპორტის და ახალგარდობის საქმეთა სამინისტროდან უნდა გადავიდეს განათლების სამინისტროში – შეიცვლება, თუ მექანიკურად მოხდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან ამ კომპონენტის გადაკოპირება? – მინისტრმა უპასუხა:

“ზოგადად, შინაარსობრივ მხარეზე გეტყვით – ეს არის ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. კონკრეტულ ნაბიჯებზე შემდეგ მოგახსენებთ”.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მუშაობას დღეიდან შეუდგა. მან ამ პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი