ახალი ამბები

მერია და გაგარინის ქუჩის მცხოვრებლები ავარიული კორპუსის დემონტაჟზე ვერ თანხმდებიან

13 ნოემბერი, 2017 • 3345
მერია და გაგარინის ქუჩის მცხოვრებლები ავარიული კორპუსის დემონტაჟზე ვერ თანხმდებიან

თბილისის მერია და გაგარინის #10-ში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი ავარიული კორპუსის დემონტაჟის საკითხზე ვერ თანხმდებიან. განცხადებას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“შენობის ნაწილი ნგრევის პირას არის, თუმცა, გამგეობის მხრიდან მოსახლეობის ქირით გაყვანისა და შენობის დემონტაჟის შესახებ არაერთგზის გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა. კორპუსში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილი პოტენციურ ინვესტორთან ვერ თანხმდება, ნაწილი კი კორპუსის სანახევრო, ავარიული მხარის დემონტაჟს ითხოვს. დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ შენობა სრულ დემონტაჟს საჭიროებს. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია უკვე მუშაობს შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნაზე.

კორპუსი გაგარინზე

დღესვე ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე. გაგარინის N10-ში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რადგან შენობა საფრთხის შემცველია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე მესამე პირებისთვისაც. მერიის შესაბამისი სამსახურები საცხოვრებელი კორპუსის დაცლის მოთხოვნით მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ადგილობრივებს თბილისის მერია შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის პერიოდში ქირით უზრუნველყოფს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი