ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების გაურკვეველი მომავალი – ოპოზიცია ცვლილებებს აფასებს

საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სფეროში დაანონსებული ცვლილებების შემდეგ უცნობი რჩება, რომელი უწყება იმუშავებს ქვეყნის უსაფრთხოების გრძელვადიან სტრატეგიაზე.

ახლად მიღებული კონსტიტუციით, უქმდება პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო. 13 ნოემბერს დაანონსებული ცვლილებებით, კრიზისების მართვის საბჭო უერთდება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, რომელიც ოპერატიული უწყებაა, საგარეო დაზვერვა კი უერთდება ასევე ოპერატიულ ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

რომელი ორგანო იმუშავებს ქვეყნის უსაფრთხოების გრძელვადიან სტრატეგიაზე – ამ კითხვაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ დეტალები მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიცირების შემდეგ დაზუსტდება.

“ეს საკანონმდებლო ცვლილებები მოემსახურება იმას, რომ სწორედ მსგავსი საკითხების დეტალებში განსაზღვრა მოხდეს. არის ძალიან ბევრი თემა, რაც ჯერ კიდევ დაზუსტებას მოითხოვს და ეს არის სწორედ პარლამენტის როლი და პარლამენტის განსახილველი საკითხი- როგორ ჯობს, რომელი უწყების კუთხით შეიძლება წავიდეს მაკოორდინირებელი ორგანო და ა.შ. ეს ყველაფერი არის მომდევნო განხილვის საკითხი და ამაზე პარლამენტი ვიმუშავებთ უახლესი კვირების განმავლობაში,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

ოპოზიციას უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვს.

“ევროპული საქართველოს”  წარმომადგენელი, სერგო რატიანი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თუნდაც კრიზისების მართვის საბჭო არსებული ფორმით შენარჩუნებულიყო, უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი მაინც გაურკვეველი იქნებოდა, რადგანაც ეროვნული უშიშროების საბჭო კონსტიტუციით უქმდება. იგი დაგეგმილ ცვლილებებში რისკებს ხედავს და ამბობს, რომ მხოლოდ კრიზისებზე რეაგირებას მოემსახურება ახალი უწყება და არა – უსაფრთხოების გრძელვადიან გამოწვევებს.

“რაც შეეხება მღებრიშვილისთვის ამ ახალი უწყების შექმნას, კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას იმიტომ, რომ იქ მთავარი აქცენტი გადავა კრიზისებზე რეაგირებაზე, ანუ ოპერატიულ რეაგირებაზე და არა სტრატეგიის შემუშავებაზე. ეს ორი მიმართულება ერთად, ანუ ოპერატიული რაგირება და სტრატეგიული მიმართულება, ერთ უწყებაში ფუნდამენტურად არასწორია იმიტომ, რომ ორი განსხვავებული ტიპის ხედვა და დამოკიდებულება სჭირდება ამ ამბავს… სტრატეგიული ინსტიტუტი, რომელიც დაკავდება ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგიის განსაზღვრით და ა.შ. საქართველოში პრაქტიკულად აღარ იქნება,”- ამბობს სერგო რატიანი.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ ასევე არასწორი ნაბიჯია სუსის და საგარეო დაზვერვის გაერთიანება:

“პრინციპული საკითხია, რომ ქვეყნის გარეთ სადაზვერვო ოპერაციები ცალკე უნდა არსებობდეს და ქვეყნის შიგნით კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების – ცალკე. მათი გაერთიანება, როგორც წესი, ძალიან ბევრი ფუნქციის თავმოყრას იწვევს ხოლმე ერთი უწყების ხელში და იმის ფონზე, როდესაც სუსი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ატარებს, მაგალითად, აქტიურად ერევა არჩევნებში, ოპოზიციაზე თვალთვალში არის შემჩნეული ბევრჯერ, ასევე, გავიხსენოთ მუხთარლის საქმე და კიდევ გარეთაც ამ ფუნქციის მიცემა იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ეს დისპროპორციულად ამ უწყების როლის გაზრდას გამოიწვევს. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ უსაფრთხოების სფეროს კონსოლიდაცია ხვდება ისეთი ადამიანების ხელში, რომელთაც სიახლოვე გააჩნიათ ბატონ ივანიშვილთან,”- განაცხადა სერგო რატიანმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, საქრთველოს რუსეთთან ურთიერთობის მწყობრი სტრატეგია არ აქვს. მისივე თქმით, ყოფილი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, მათ შორის აფგან მუხთარლის, რეპერების საქმის, ნარკოტიკების  ჩადებასთან დაკავშირებით, ხოლო მის შემცვლელთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას “რუსეთთან სერიოზული კავშირები აქვს” და არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ადამიანი.

მანვე განაცხადა, რომ  სახელმწიფო არ განიხილავს რუსეთს, როგორც მთავარ მტერს და ოკუპანტს, პირიქით, მათთან თანამშრომლობს და აწვდის  სპეცსამსახურების ინფორმაციას. ამის მაგალითებად დეკანოიძემ ტრისტან წითელაშვილის და გია ცერცვაძის საქმეები მოიყვანა.

“საქართველოს არ გააჩნია, ზოგადად, უსაფრთხოების მწყობრი კონცეფცია. მთავარი ორგანო, რომელიც დაკავებული უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების არა მხოლოდ კონცეფციით, მისი დაცვით, შექმნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით და პოლიტიკურ პარტიებთან ბრძოლით. ეს არის ამ ორგანოს მთავარი ამოსვალი და პირდაპირ გეტყვით, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს უსაფრთხოების სტრატეგია, როდესაც რუსეთი – ჩვენი მთავარი მტერი, რომელიც აღიარებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 25%-ის ოკუპანტი, ამ ქვეყანასთან ჩვენ ურთიერთობის განსაზღვრული ეტაპები და განსაზღვრული ანალიზი არ გვაქვს,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, თამარ კეკენაძე კი ამბობს, რომ საქართველოში აღარ არსებობს უწყება, რომელიც სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს.

“ამ ცვლილებით კვირიკაშვილმა კრიზისების საბჭო გადააქცია ტექნიკურ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებად. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც იმუშავებს და იზრუნებს ქვეყნის თავდაცვისა და სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე… ეს იმ რეალობაში, როცა ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი, ჩვენ გვერდითაა რუსეთი, რომელიც გვებრძვის ყველანაირი მეთოდით და ბოლო პერიოდში ძალიან გამძაფრდა და გაძლიერდა ჰიბრიდული კომპონენტით, როგორიცაა საინფორმაციო ომი, პოლიტიკურ სპექტრში დიდი ფულის დახარჯვა და ა.შ.”- ამბობს თამარ კეკენაძე.

“პარიოტთა ალიანსის” წევრი გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით არ უნდა გაუქმებულიყო ეროვნული უშიშროების საბჭო.

“პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელი და უნდა არსებულიყო. დღეს, როდესაც ამ სტრუქტურების შერწყმაზე ვსაუბრობთ და წარმოგვიჩენენ, თითქოს ეს ქვეყნის უსაფრთხოებას უთუოდ პოზიტიურად წაადგება, ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ამიტომ, ამაზე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა. დღეს ძნელია იმის თქმა, რომ ეს რაიმე პოზიტივს ან ნეგატივს მოიტანს – ამას დრო გვიჩვენებს. მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გაქვს, როდესაც ყველა საგარეო თუ საშინაო საკითხზე პრობლემატური გამოწვევები გაქვს და კონსტიტუციით აუქმებ ერთ სტრუქტურას, ხოლო შემდეგ რამდენიმე სტრუქტურის შერწყმა ხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს,”- აცხადებს გოჩა თევდორაძე.

“რესპუბლიკელი” თამარ კორძაია კი ამბობს, რომ როდესაც კონსტიტუციის ცვლილებებს იხილავდნენ, უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით მაშინვე იყო საუბარი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ასევე საფრთხის შემცველია იქიდან გამომდნარეც, რომ მხოლოდ პრეზიდენტი არის საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე უფლებამოსილი პირი და მან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ისე, რომ სრულიად იზოლირებული იყოს უშიშროების საკითხებისგან.

“ახლა მნიშვნელოვანია, ფორმალურად როგორ მოახერხებენ ამის მოწყობას. ფაქტია, რომ ეს პროცესი პრემიერ-მინისტრმა დაიწყო, მაგრამ, ასევე ფაქტია, რომ უსაფრთხოების სამსახურებს და მთლიანად, ძალოვან უწყებებს როგორ უხელმძღვანელებენ ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხებსაც თვალყურს არაფორმალური ლიდერი ადევნებს, რაც დამანგრეველია სახელმწიფობრივად. დანარჩენზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, რადგან თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი უახლოეს დღეებში წარუდგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს. რამდენად გააზრებული აქვთ ეს ცვლილებები, უფლებამოსილებების გადანაწილება როგორ მოხდება, უფლებამოსილებების ფარგლები როგორ იქნება გადანაწილებული შიგნით და ასე შემდეგ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს რომ ვუსმენდით, მგონი, მასაც არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული. მისი გამოსვლიდან ჩანდა, რომ კრიზისი არის ღრმა… ყველაზე ცუდია, რომ ამ ყველაფერს უხელმძღვანელებს შს მინისტრი, რომლის პირობებშიც აფგან მუხთარლი გაიტაცეს და ჩვენ პასუხი არ გვაქვს,”- აცხადებს თამარ კორძაია.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მოქმედი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა. როგორც საბჭოს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები რაქვიაშვილსაც აქვს.

“იმისთვისრომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებსრუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომსაუცილებელია,  ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე… რაც შეეხება სუს-ის  საგარეო დაზვერვის  უწყებების გაერთიანებასვფიქრობთ,  რომ აქ  არსებობს კითხვებირომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გაცემული,”- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი