ახალი ამბებიკომენტარი

ნინო გუჯარაიძე: მთავრობის პოლიტიკას ვერ ვხედავ გარემოს დაცვის სისტემაში

13 ნოემბერი, 2017 • 4362
ნინო გუჯარაიძე: მთავრობის პოლიტიკას ვერ ვხედავ გარემოს დაცვის სისტემაში

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამთავრობო ცვლილებების შესახებ ისაუბრა, მათ შორის ცვლილება ეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. კერძოდ,  გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება, თუმცა ჩამოსცილდება ბუნებრივი რესურსების მართვის ნაწილი, რამაც როგორც საზოგადოებაში, ისე მმართველ გუნდში კითხვები გააჩინა. ამ საკითხზე “მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელ დირექტორს, ნინო გუჯარაიძეს ვესაუბრეთ:

პირველ რიგში, გვაინტერესებს თქვენი შეფასება, ის ფაქტი, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და, ამავდროულად, ჩამოსცილდება ბუნებრივი რესურსების მართვა, ეს გააძლიერებს გარემოს დაცვის საკითხებს, როგორც პრემიერმა თქვა? მან აღნიშნა, რომ ევროპის წარმატებული ქვეყნების მაგალითი ასეთია, თქვენც ასე ფიქრობთ?

არ ვიცით, გააძლიერებს თუ არა, ვინაიდან, ზოგადად, არ ვიცნობთ რეფორმის დოკუმენტს, ანუ საფუძვლები არ ვიცით, დეტალები არ ვიცით ამ გადანაწილების. ბუნებრივი რესურსების მართვა არის უდიდესი სისტემა. რა ნაწილი გადადის, რა ნაწილი რჩება, როგორ გადადის, იქ როგორ იმართება – ამ ყველაფერს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ასე ზედაპირულად წარმოდგენა, ჯერ ერთი, ძალიან არასერიოზულია პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მეორე მხრივ კი, უკვე მიღებული გადაწყვეტილების გაჟღერება არის ძალიან დიდი უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ და არანაირად არ შეეფერება დემოკრატიულ მმართველობას.

მონაწილეობითი და დემოკრატიული სახელმწიფოები ასეთ მნიშვნელოვან რეფორმებს იღებენ საზოგადოების მონაწილეობასთან ერთად. დღეს მათ საზოგადოებას უთხრეს, რომ მათგან მოსასმენი არაფერი აქვთ და თავად იციან, როგორ უნდა გადაანაწილონ ყველაფერი. ამიტომ, პირველ რიგში, პრობლემები გვაქვს პროცესთან, ძალიან ცუდი პროცესია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კანონპროექტის შემუშავებამდე და დამტკიცებამდე, მაინც მოეგებიან გონს და ეს იქნება საზოგადოებრივი განხილვის საგანი და მას შემდეგ, რაც გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი, შეგვეძლება შევაფასოთ შინაარსობრივად.

ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეგვიძლია რამე ვთქვათ. ვადასტურებთ, რომ გარემოსდაცვით სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან დიდი რეფორმაა საჭირო, ოღონდ საჭიროა დაგეგმილად და გაცნობიერებულად, რას ვაკეთებთ. თორემ ასე გამოცხადება, რომ ბუნებრივი რესურსები იქ გადადის, აქ გადმოდის .. კი, ცვლილებები საჭიროა, მაგრამ გააზრებული ცვლილებებია საჭირო.

ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხის ჩამოცილება გარემოს დაცვის სამინისტროსგან და ეკონომიკის სამინისტროში გადატანა რეალურად იქითკენ ხომ არ არის მიმართული, რომ უფრო მარტივად შეძლოს მთავრობამ საინვესტიციო პროექტების განხორციელება? მაგალითად, ოქროს მომპოვებელი საწარმო, რომელიც მუშაობს საყდრისში, უფრო მარტივად შეძლებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებას? კიდევ სხვა რაიმე კონკრეტული მაგალითი შეიძლება დაგვისახელოთ, რა შეიძლება მოხდეს?

ბუნებრივი რესურსების მართვა არ არის მხოლოდ გაყიდვა ლიცენზიის. ეს არის უდიდესი თემა, რომელიდანაც უნდა ვიცოდეთ, რა ნაწილი სად მიდის. თუკი საუბარია იმაზე, რომ გაყიდვა გადადის ეკონომიკის სამინისტროში, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ანუ გაყიდვის პროცესი, ზოგადად, აუქციონის გამოცხადება და გამარჯვებულის გამოვლინება. ეს არის აბსოლუტურად ფორმალური საკითხი ამ პროცესში და ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ.

მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. დღეს ამ სექტორში არის სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრო თავად იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაყიდვაზე, ყიდის და მერე უკვე ლიცენზიის მფლობელს აკონტროლებს. ფაქტობრივად, თავის გადაწყვეტილებას აკონტროლებს, რაც ინტერესთა მნიშვნელოვანი კონფლიქტია. ამ შემთხვევაში, ეს ინტერესთა კონფლიქტი აუცილებლად გასასწორებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ, როგორ შეამცირებს ინტერესთა კონფლიქტს და ა.შ. დღეს გაკეთებული განცხადებიდან ვერაფერი გავიგეთ, რამდენად იქნება გამართული ეს საკითხი. თუმცა ვადასტურებ, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტი არსებობს ამ სისტემაში და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია.

გააადვილებს თუ არა, ამ შემთხვევაში ამასაც ვერ დავეთანხმებოდი, რომ გაადვილებს. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს არსებული სისტემა, გარემოს ეროვნული სააგენტო, ვინმეს რაიმე პრობლემას უქმნის, თუკი მთავრობას უნდა ლიცენზიის გაყიდვა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, არა მგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იყოს. კიდევ ერთხელ, დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

რამდენად თანმიმდევრულია ქართული ოცნების პოლიტიკა თუნდაც გარემოს დაცვის საკითხების მიმართ? – 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი გახდა პრემიერი, გარემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტროდან გამოყოფილი ბუნებრივი რესურსების ნაწილი, დღეს ენერგეტიკის სამინისტროც კი უქმდება და ბუნებრივი რესურსები ეკონომიკის სამინისტროში გადადის. არადა, თავის დროზე ოცნებამ ამ ცვლილების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ გარემოს დაცვის მიმართულება მათთვის იყო პრიორიტეტი. თქვენი აზრით, რა პროცესთან გვაქვს საქმე, ხელისუფლების პრიორიტეტი შეიცვალა?

ზოგადად, პოლიტიკასაც ვერ ვხედავ, გარემოს დაცვის სისტემაში, ზოგადად, თანმიმდევრობაზე რომ არ ვისაუბროთ. იყო რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება, იყო მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული, იყო მნიშვნელოვან თანხებზე საუბარი და მოხდა გაერთიანება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გულწრფელი ინტერესიც იყო, გარემოს მართვის სისტემა გაუმჯობესებულიყო. ახლაც ვიტოვებ იმედს, რომ ეს ცვლილება ამ მიზნითაა გაკეთებული, თუმცა ეს არის მხოლოდ იმედი და იმის გამო, რომ ეს პროცესი ასე ფარულად წარიმართა, იმედი არის სუსტი, ანუ ვფიქრობთ, რომ საფუძვლები მთლად გამართული არ არის ამ რეფორმის.

არის იქ რაღაც ქვემიზნები, რომლებიც საზოგადოებისთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ეს ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს და ეს ბადებს  ამის საფუძველს, თორემ თანმიმდევრულიც რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილება, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ სისტემის გაუმჯობესება ითხოვს ამგვარ ცვლილებებს, ცვლილება უნდა განხორციელდეს. შესაძლოა, მთავრობას მოუწიოს თავისი შეცდომების აღიარება და საპირისპირო გადაწყეტილების მიღება. ამაში ტრაგიკული არაფერია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ასე მზამზარეული რომ მოგვაწოდეს, იმის აღიარების გარეშეც, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი ან არასწორი, ეს არის მთავარი პრობლემა.

ფაქტია, რომ არ იყო თანმიმდევრული, გადავიდა ხან ერთ უწყებაში, ხან მეორეში. მაგრამ თუკი ეს უკეთესია სისტემაში, კი ბატონო, არ იყოს თანმიმდევრული. მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული, შეფასებული, პირველ რიგში, რა პრობლემებია და შემდგომში ცვლილებები უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო რესურსების გაფლანგვა. როდესაც ამხელა უწყებები უნდა შეაერთონ, ეს ძალიან დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კი, ჩვენ ეს დღეს მოგვაწოდეს, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდება, საბოლოო ჯამში. მაგრამ უწყებების გაერთიანება არის, პირველ რიგში, ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, მეორე მხრივ, ეს არის ადამიანების სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული. დღეს გვაქვს ნოემბერი, გვეუბნებიან, რომ იანვარში ან დეკემბრის ბოლოს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ ყველა ეს სამინისტრო სამი თვის განმავლობაში იქნება პარალიზებული იმიტომ, რომ ჩვენ დღეს მზამზარეულად გამოგვიცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არავინ ელოდება იმას, რომ რაიმე შეიცვლება. ამ პერიოდში ეს სამინისტროები ფორმალურად იარსებებენ, ადამიანები დაელოდებიან იმას, თუ როდის გაუშვებენ სამსახურებიდან.

როდესაც გადაწყვეტილად აცხადებ ცვილებების აუცილებლობას და ფაქტობრივად, კვირიკაშვილს არ უთქვამს, რომ ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, ჩვენ გაგვაცნეს. ამიტომ ამ ადამიანებმა უკვე იციან, რომ მათ ელით სამსახურის დაკარგვა. ისინი არიან ახალი სამსახურის ძებნაში და არა თავისი ფუნქციების შესრულებაში. ამ თვალსაზრისითაც, მერკანტილური თვალსაზრისითაც, ძალიან გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი