პრემიერმა მინდია ჯანელიძე თანამდებობიდან გადააყენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებას  გიორგი მღებრიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ.

კანცელარიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა  გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გადაყენებულია მინდია ჯანელიძე.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მინდია ჯანელიძე არამხოლოდ მდივნის თანამდებობიდანაა გადაყენებული, ასევე არ იქნება არც საბჭოს წევრი. რაც შეეხება მის მოადგილეებს, რომელთა შორისაცაა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ისინი ჯერ-ჯერობით თანამდებობეზე რჩებიან. როგორც პრესსამსახურმა განმარტა, პრემიერ-მინისტრი საბჭოს მდივნის მოადგილეებს მდივნის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა.

მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში.

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე სამხედრო წოდებით არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო – მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”.

მინდია ჯანელიძე იყო თავდაცვის მინისტრი. მან ამ თანამდებობაზე ირაკლი ალასანია შეცვალა მას შემდეგ რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. მოგვენებით, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობა თინა ხიდაშელმა დაიკავა, ჯანელიძე კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com