ახალი ამბები

კულტურის მინისტრი: როდესაც 2 სამინისტრო ერთდება, არ გამოვა 1+1=2

13 ნოემბერი, 2017 • 2013
კულტურის მინისტრი: როდესაც 2 სამინისტრო ერთდება, არ გამოვა 1+1=2

საქართველოს კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებები ოპტიმიზაციის ნაწილია და მას გარკვეული ცვლილებები მოჰყვება, თუმცა, რა ტიპის ცვლილებები, ამას ვერ აკონკრეტებს.

“ეს, ერთი მხრივ, ეფექტური მართვის და, მეორე მხრივ, ოპტიმიზაციის მიმართულების ნაწილია. როდესაც ორი სამინისტრო ერთდება, 1+1=2-ს, ასე არ გამოვა. აზრი ეკარგება ოპტიმიზაციაზე საუბარს. გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება”, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

კულტურის მინისტრი ვერ პასუხობს კითხვას, თუ რა რაოდენობის თანხის დაზოგვას გეგმავს მთავრობა სამინისტროების რეორგანიზაციით.

“იმისთვის, რომ სერიოზული ვიყო ამ პასუხში [იმიტომ, რომ შეკითხვაც სერიოზულია], უფრო სკრუპულოზურად არის გასავლელი საკითხი, ვიდრე მე რომ ვიძახო ათი, ოცდაათი თხუთმეტი თუ სხვა რამე პროცენტი. მე მგონი, ასეთ სერიოზულობას ელოდება ჩვენგან მოსახლეობა და არა ჰაერში ნასროლ ციფრებს”, – ამბობს გიორგაძე.

მინისტრის თქმით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კრიტიკული საკითხები მაშინ გაირკვევა, როდესაც დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტში.

“ბუნებრივია, რომ გარკვეული სპეციალიზაცია მოადგილეებს შორის გადანაწილდება როგორც კულტურის, ისე სპორტის მიმართულებით. ის გუნდი, რომელიც დღეს არსებობს სპორტის სამინისტროში, ორგანულად უნდა შეერწყას გუნდს, რომელიც არსებობს კულტურის სამინისტროში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შერწყმა უმტკივნეულოდ ჩაივლის. უახლოეს დღეებში საბოლოო სტრუქტურაზე ჩამოვყალიბდებით და გვექნება შესაძლებლობა, რომ გიპასუხოთ. მხოლოდ მოადგილით ან მოადგილეებით შერწყმა არ შემოიფარგლება. იქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ და მათი ცოდნის დაკარგვა არ შეიძლება”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ის მინისტრები, რომლებიც აღარ დაიკავებენ შესაბამის პოზიციებს, გუნდის წევრებად დარჩებიან. თუ რა კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ ან არ დაიკავებენ ისინი, ეს პრემიერის პრეროგატივაა, ამბობს გიორგაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი