ახალი ამბები

ივანიშვილთან დაახლოებული პირები დაწინაურდნენ -“ევროპული საქართველო” სამთავრობო ცვლილებებზე

13 ნოემბერი, 2017 • 2527
ივანიშვილთან დაახლოებული პირები დაწინაურდნენ -“ევროპული საქართველო” სამთავრობო ცვლილებებზე

საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო და სტრუქტურულ ცვლილებებს აფასებს, რომლის შესახებაც დღეს, 13 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებებნ. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრები ივანიშვილთან ახლობლობის მიხედვით დაწინაურდნენ.

გიგა ბოკერიას განცხაებით, არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას, თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ის ფული, რომელსაც მთავრობა იღებს ეკონომიკიდან და ხარჯავს საკუთარ ბიუროკრატიაზე, პარტიულ ახლობებზე და ნათესავებზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ია. მთავრობა მილიარდზე მეტს იღებს დღეს ეკონომიკიდან, რომელიც ნელა იზრდება და იმატებს სიღარიბე, ამიტომ ამ ცვლილებებში მხოლოდ ხარჯების შემცირებას  ექნება მნიშვნელობა”,-აცხადებს ბოკერია. 

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს, რამდენით მცირდება ბიუჯეტი და ეს შემცირება რას მოხმარდება. 

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 10%-ით გაზარდეს თითქმის ბიუროკრატია და  სიპებში, რომლებიც სოკოებივით გამრავლდა, კიდევ უფრო მეტად გაზარდეს დასაქმება საკუთარი ახლობლების და პარტიული აქტივის. ეს ცვლილებები ამ ბიუროკრატიულ ხარჯებს  უნდა შეეხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი პოპულისტური ნაბიჯი და ჩვენ მართლაც სულ რამდენიმე კვირაში უნდა ვნახოთ შეცვლილი პოზიცია სამთავრობო გუნდის საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით. ეს არის მოლოდინი, ჩვენი მოთხოვნა და რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“,- აცხადებს ბოკერია. 

“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი წარმომადგენელი გიგი უგულავაც მიიჩნევს, რომ სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ საკადრო დასაქმების ან შიდა ძალთა გადაადგილების შთაბეჭდილებას ტოვებს.  უგულავას შეფასებით, პრინციპულად არასწორი ნაბიჯია, რომ შს სამინისტროს გამოეყო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

“უფრო სწორად, არასკმარისი ნაბიჯია, ვინაიდან 2013 წელს აბსოლუტურად ყველა ნორმის და სტანდარტის დარღვევით “ქართული ოცნების” მთავრობამ თვითმმართველობებს წაართვა სამაშველო სამსახურის უფლება. ამიტომ ამ რეფორმის პირობებში რაც უნდა გაკეთებულიყო, ეს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველობებს, მთავარი იქნებოდა ეს”. -ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნა შეიძლება განხილული იყოს, როგორც შიდა კლანური გადაადგილება და არ ემსახურება უკეთეს ადმინისტრირებას. ხოლო გიორგი გახარიას დანიშვნა შს მინისტრად იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილთან დაახლოებული პირები დაწინაურდნენ:

“საკადრო ნაწილში  მთელი რიგი  ცვლილებები აბსოლუტურად  ვერ პასუხობს მინიმალურ სტანდარტსაც კი. ზოგადად ვიტყვი, რომ დაწინაურდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბატონ ივანიშვილთან. ეს ცვლილებებიც ატარებს ერთ ხაზს, ეს არის ივანიშვილთან სიახლოვე.  გახარია, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმაოდგენს და, ამავდროულად, არც პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ინიშნება შს მინისტრად. ორი კრიტერიუმი შეიძლება არსებობდეს, ეს არის ან პროფესიული გამოცდილება, ან პოლიტიკური წონა და პოლიტიკური გამოცდილება,  არცერთ კრიტერიუმს ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, მაგრამ არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი მოსკოვის პერიოდიდან”,- ამბობს  უგულავა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს, საგანგებო ბრიფინგზე ცვლილებების ახალი ტალღის შესახებ განაცხადა, რომელიც, მისი თქმით, მოემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ცვლილებების მიხედვით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. ვრცლად, დაგეგმილ ცვლილებებზე წაიკითხეთ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი