ახალი ამბები

ბახტაძე: მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა

13 ნოემბერი, 2017 • 1956
ბახტაძე: მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა

ახლად დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა.

“ძირითადი პარამეტრები, როგორც ბიუჯეტის, ასევე მომავალი ხარჯები, შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტიტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ. მიდგომაში მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და, ამავე დროს, ეფექტურობის გაზრდა. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ საშუალო და მცირე ბიზნესს. არცერთი რეფორმა ან საგადასახადო ინიციატივა არ იქნება გატარებული, რომ ჩვენ არ მივიღოთ კონსულტაცია ქართული ბიზნესისგან და ჩვენი სხვა პარტნიორებისგან”.

კითხვაზე – რატომ შეუმცირდა შემოსავლები საქართველოს რკინიგზას, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ რკინიგზის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟებზე ტრენდულია.

“საქართველოს რკინიგზის საქმიანობა ფინანსურად ყველაზე წარმატებული იყო 2014-2015 წლებში. ყველაზე კარგი ინდიკატორი, როგორ ფუნქციონირებს რკინიგზა, არის მისი ფასიანი ქაღალდების ტრენდი ბირჟაზე. ჩვენი ფონდები (შესულია) ლონდონის ბირჟაზე. საქართველოს რკინიგზაში მოქმედებს კორპორატიული მართვა, არსებობს შესაბამისი ბორდები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალე კორპორატიულ მმართველობას. ამ კუთხით საქართველოს რკინიგზას აქვს საუკეთესო შედეგი, ამისი პასუხი იქნება გარე მონაწილე მხარეების შეფასება. შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტეკჰოლდერების მხრიდან შეფასებები, ასევე, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძე დღეს დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, ამ პოსტზე მან დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოზიციას დაიკავებს, ხოლო ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მამუკა ბახტაძეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი