ახალი ამბები

ხათუნა გოგალაძე გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზებაზე: ეს დიდი შეცდომა იქნება

13 ნოემბერი, 2017 • 4294
ხათუნა გოგალაძე გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზებაზე: ეს დიდი შეცდომა იქნება

ხათუნა გოგალაძე, საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი (2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში) აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება და ბუნებრივი რესურსების მართვის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა ძალიან საშიშია.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები პარლამენტშიც აქვთ.

არგუმენტების შესახებ, თუ რატომ არის ეს ცვლილება საშიში და რას მოიტანს ის – გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ასე მგონია, დეჟავუ მაქვს: 2011 წელს ნაციონალების ხელისუფლებამ რომ დაანაწევრა გარემოს დაცვის სამინისტრო და, ფაქტობრივად, გასაუქმებლად გაამზადა. მაშინ ეს ვეღარ მოესწრო. ქართული ოცნების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ გარემოს დაცვის სფეროს გაძლიერება იყო. ეს დაპირება ნამდვილად შესრულდა და 2012 წლის ოქტომბრიდანვე უამრავი რამ გაკეთდა გარემოს დაცვის სფეროს გასაძლიერებლად და გარემოს მიმართ დამოკიდებულების ვექტორის შემოსაბრუნებლად.

მეგონა, დასრულდა ის ეპოქა, როცა „ბიუროკრატიის შემცირების“ და „რეფორმების გატარების“ ნიღაბს ამოფარებულ განადგურებულ სფეროს ვიხილავდით. მეგონა, გავიარეთ ის პერიოდი, როცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანის მიერ ხდებოდა, ყოველგავრი ანალიზისა და კონსულტაციების გარეშე.

ნეტავ, ვინმეს თუ გაუანალიზებია, რა შედეგები გამოიწვია 600-კაციანი გეოლოგიის დეპარტამენტის ან სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის გაუქმებამ? ან ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განადგურებამ? ვინმეს თუ შეუსწავლია, იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო დევდორაკის სტიქიის დროს დროული გაფრთხილება და ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც, იქ არსებული სადგური რომ არ გაუქმებულიყო? ან იქნებ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიაც აგვეცილებინა, მონიტორინგის ქსელი რომ ისევ არსებულიყო? ამ ყველაფრის გამართლებაც „რეფორმების“, „ბიუროკრატიის გამარტივების“, „ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების“ და სხვა მსგავსი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებითა და არგუმენტებით ხდებოდა.

საოცარია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისთანავე, მაშინ, როცა მერობის ყველა კანდიდატი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებდა. დიახ, ამ ცვლილებას სწორედ რომ გაუქმება ჰქვია, რადგან გარემოს დაცვის ფუნქციების გადანაწილებით ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში, წარმოუდგენელია ამ სამინისტროების მიერ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ეს განსაკუთრებით წარმოუდგენელია დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, როცა გარემოს დაცვა, სამწუხაროდ, კვლავ ეკონომიკური განვითარების მუხრუჭად მიიჩნევა მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები პირების მიერ. ნუგეშის მომცემი არც ის არის, რომ ახალ სტრუქტურას „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ერქმევა, რადგან გარემოს დაცვა ვერანაირად ვერ გახდება პოლიტიკის წარმმართველი ამ სამინისტროს ქვეშ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.

მაშინაც კი, როცა გარემოს დაცვის სამინისტრო ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების თანასსწორუფლებიანი იყო, ეკონომიკური ბლოკი მუდმივად დომინირებდა. ის არგუმენტი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გარემოს დაცვის ფუნქციები სხვა სამინისტროს ქვეშაა მოქცეული, არ არის ძლიერი. კი ბატონო, არის ზოგიერთ ქვეყანაში ასეც, მაგრამ იმ ქვეყნებში ასეთი გადაწყვეტილებები ღრმა შესწავლას ეფუძნებოდა. მე რომ ნიდერლანდების, ბულგარეთის, ავსტრიის და სხვა ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებს ვხვდებოდი და სამინისტროების საქმიანობებს ვეცნობოდი, აშკარა იყო გარემოს დაცვის მიმართულების დომინირება. და საერთოდაც, ავსტრიაში გარემოს დაცვის სამინისტროს „სიცოცხლის სამინისტროს“ უწოდებენ. გარდა ამისა, ევროკავშირის რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ როგორი მოწყობაც არ უნდა იყოს, დირექტივების შესრულების ვალდებულებას ვერ გაექცევიან. ამასთანავე, ამ ქვეყნებში ადამიანების ცნობიერება, დაწყებული მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღები პირებიდან და დასრულებული მოსახლეობით, გაჯერებულია გარემოსდაცვითი ხედვებით. მივიდეთ ჯერ მათ მდგომარეობამდე და მერე იქნებ არც აქ იყოს პრობლემა.

ახლა კი პრობლემაა! პრობლემაა, რადგან არ შეიძლება გარემოსდაცვით ნებართვას კონკრეტულ საქმიანობაზე გასცემდეს სტრუქტურა, რომელიც თვითონ არის ამ საქმიანობის ინიციატორი. პრობლემაა, რადგან არ შეიძლება, ტყეების ბედს ეკონომიკური ბლოკის სამინისტრო განაგებდეს, რადგან ჩვენი ტყეების 98% მთიანია და ძირითადად დამცველობითი ფუნქციები აქვთ და არა კომერციული. პრობლემა, რადგან დაცული ტერიტორიები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ტურიზმის სფერო. ეს დაცული ტერიტორიების მხოლოდ დამატებითი ღირებულებაა. მთავარი კი ბიომრავალფეროვნების დაცვაა. პრობლემაა, რადგან ამ ყველაფრით მხოლოდ დასუსტდება და განადგურდება ეს სფერო. და განადგურებული გარემო ისევ ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად, განვითარებას უშლის ხელს.

ეს შეცდომა იქნება, დიდი შეცდომა!

კიდევ ერთი: და მაინც არ მესმის, რატომ უნდა გაუქმდეს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი და ერთ-ერთი ყველაზე ინტერსექტორული ფუნქციების მქონე სამინისტრო? საინტერესოა, ასევე იმ ექსპერტების ვინაობა, ვის ანალიზზე დაყრდნობითაც მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების
მიღება. და კიდევ, ძალიან ბევრი რამ არის საინტერესო, რაც პასუხებს მოითხოვს.”

დღეს, 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და, ამავდროულად, ეკონომიკის სამინისტროში გადადის ბუნებრივი რესურსების მართვა. აღნიშნული ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი