ახალი ამბები

ხუციშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: გარემოს დაცვის ნაწილზე ჩვენ უამრავი შეკითხვა გვაქვს

13 ნოემბერი, 2017 • 2677
ხუციშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: გარემოს დაცვის ნაწილზე ჩვენ უამრავი შეკითხვა გვაქვს

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ უამრავი შეკითხვა აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც პრემიერმა დღეს ისაუბრა.

“გარემოს დაცვის ნაწილზე ჩვენ უამრავი შეკითხვა გვაქვს და ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც გაჟღერებიდან უკვე შეგვიძლია ცალსახად ვისაუბროთ. ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციების რეჟიმს სხვადასხვა ორგანიზაციებთან – ევროკავშირის წარმომადგენლებთან, და გვაინტერესებს შევაჯამოთ ყველა ის დადებითი და შეიძლება რამდენიმე უარყოფითი კომპონენტი და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საბოლოო პოზიცია. პარლამენტში ეს ცვლილებები უკვე შემოვა მსჯელობისთვის და გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ უახლოეს მომავალში ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ”, – აცხადებს ხუციშვილი.

მისივე თქმით, გამორიცხულია იმ ფუნქციებისა და მნიშვნელობის გაუქმება, რაც აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს:

“აქ არის უბრალოდ მართვის უფრო ეფექტურობაზე ლაპარაკი, ხარჯების გარკვეულ დაზოგვაზე და ა.შ. ამაზეც საბოლოო პოზიცია გვექნება ჩვენ, რადგან ასეც ცხელ გულზე და პირველადი ინფორმაციის მოსმენით რამდენად დადებითი და უარყოფითი ეფექტები ექნება ამას, ამაზე მსჯელობა ცოტა ნაადრევია.

რაც შეეხება შენიშვნებს, ეს არის თვითონ სტრუქტურული ჩამოყალიბება, რომელიც პრემიერმა გააკეთა. აქედან ჩვენ გვექნება კონკრეტული შეკითხვები. მაგალითად, გარემოს მიმართულებით რაც არის დაცული ტერიტორიები და ა.შ. მართვის კომპონენტები რამდენად ეფექტური იქნება. ამაზე გვჭირდება მსჯელობა, რაც ჯერ არ ყოფილა”, – აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

ჩვენს შეკითხვაზე, შეუქმნის თუ არა გარემოს დაცვის საკითხებს პრობლემებს ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი, დეპუტატი პასუხობს:  

“ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროში გარკვეულ ლოგიკაში ჯდება, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, უკვე კანონად გვაქვს მიღებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ანუ ეს არ შეძლება ჩვენ აღქმული გვქონდეს ისე, რომ ეკონომიკის სამინისტროს ექნება საშუალება ზემოქმედების შეფასების გარეშე მართოს რესურსი. ეს რესურსი არის სხვადასხვანაირი, იწყება ქვიშა-ღორღის მოპოვებიდან, ასევე, სხვადასხვა სამთო მინერალების მოპოვება და ხე-ტყის გადამუშავება. ეს კომპონენტი აუცილებლად იქნება კონტროლის მექანიზმი, თუ ეს ცვლილება ასე განხორციელდა”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა თანმიმდევრული ქართული ოცნების ხელისუფლება მაშინ, როცა 2012 წელს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გამოყო ბუნებრივი რესურსების ნაწილი და შეუერთა გარემოს დაცვის სამინისტროს და ამით ის გააძლიერა, ახლა კი ისევ ართმევს ამ ფუნქციას. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ, როცა ენერგეტიკის სამინისტროს მისცა ბუნებრივი რესურსების მართვა, გარემოს დაცვის ინსპექცია საერთოდ გაუქმდა, ასევე, არ ყოფილა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპონენტი.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ის საფრთხე, რაზეც მე ვისაუბრე, მაშინ სწორედ ეს საფრთხეები იქმნებიდა. ანუ თუკი გარემოზე ზემოქმედების კომპონენტი ჩვენ გამართული არ გვექნება, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და ჩვენ ეს კანონი ამ შემოდგომაზე მივიღეთ, ამის გარეშე ბუნებრივი რესურსები მართვის პირდაპირ მიცემა ან ენერგეტიკის ან ეკონომიკის სამინისტროსთვის, ფაქტობრივად, მელიასთვის წიწილების მიგდების ტოლფასია. როდესაც ეს კომპონენტი ძლიერად მუშაობს, მას ცალმხრივად გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააუქმა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ზარალი შეგიძლია გარემოს მიაყენო და ეს ფულით აანაზღაურო, ამიტომ ის ძალიან სუსტი პოზიცია იყო. ამ შემთხვევაში ამ კომპონენტის შემოსვლით კონტროლის სერიოზული მექანიზმი რჩება. სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა – სად როგორ იქნება ეს გადანაწილებული, რომ არ მოხდეს ისე, რომ გარემოს მოადგეს ეკონომიკური სარგებლიდან გამომდინარე გარკვეული ზარალი”, – აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და, ამავდროულად, ეკონომიკის სამინისტროში გადადის ბუნებრივი რესურსების მართვა. აღნიშნული ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი