თამარ კეკენაძე

ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის არაფორმალურ მართვას – თამარ კეკენაძე სამთავრობო ცვლილებებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს, 13 ნოემბერს, გაცხადებული ცვლილებების ტალღა როგორც საკადრო, ისე სტრუქტურულ გადაადგილებებს მოიცავს. სამინისტროების რიცხვი 14-მდე მცირდება, გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ჩამოსცილდება,  სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო და საგარეო დაზვერვის სამსახური კი, დღევანდელი სახით, არსებობას შეწყვეტს. სამთავრობო კაბინეტს ტოვებს ან პოზიციას იცვლის რამდენიმე მინისტრი.
რას უკავშირდება  და რას მოუტანს სახელმწიფოს აღნიშნული ცვლილებები, იგრძნობა თუ არა მათზე ირიბი გავლენა ექსპრემიერ ივანიშვილის მხრიდან და როგორ შეიძლება გადანაწილდეს პროცესის შედეგად ძალთა ბალანსი მმართველ გუნდში? – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს, თამარ კეკენაძეს ესაუბრა. 

პირველ რიგში, საინტერესოა, რას ემსახურება საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში. იზიარებთ თუ არა მმართველი გუნდის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ცვლილებები გაზრდის მთავრობის მუშაობის ეფექტიანობას და ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს?

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი წლისთავზე ეკონომიკა უარესდება, ლარი აბსოლუტურად გაუფასურდა და ამ კუთხით არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ არანაირი ხედვა “ქართულ ოცნებას” და კვირიკაშვილის მთავრობას ამ სიტუაციის გამოსწორების კუთხით არ აქვთ. ამ სამთავრობო ცვლილებებით ისინი ცდილობენ, რომ შექმნან განახლების ილუზია და დროებით მაინც ჩვენი მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ ამ მიმართულებით, რასაც, რა თქმა უნდა, არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ გადანაცვლებებით არ იცვლება ის პოლიტიკური რეალობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის არაფორმალურად მართვას. ამას კი მივყავართ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე, რაც დღეს არის საქართველოში.

ბატონმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაადგილებები და სამინისტროების შემცირება ემსახურება ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვას. ეს მოხდება თუ არა, დრო გვიჩვენებს, რადგან ამ ეტაპისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ეს იქნება ტექნიკური შეერთება და მექანიკური შერწყმა, თუ რეალურად გამოთავისუფლდება ხარჯები. და მეორე, რაც მთავარია, საით იქნება მიმართული ეს ხარჯები. ჩვენ ამ პროცესს აქტიურად მივადევნებთ თვალყურს.

ბიძინა ივანიშვილის გავლენა ახსენეთ. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ყოფილი პრემიერი უშუალოდ ამ პროცესშიც იყო ჩართული?

მარტივად გიპასუხებთ: 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში არ მიიღება არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ჩარევის გარეშე. თუ ის ამ ეტაპზე ცდილობს, რომ სატელევიზიო და საჯარო სივრციდან გაქრეს, არ ნიშნავს იმას, რომ არ ერევა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ მისი ბიზნესინტერესები მოარგო სახელმწიფო ბიუჯეტს. ამიტომ, ის მაქსიმალურად ცდილობს, კონტროლქვეშ ჰყავდეს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე თბილისის მერია და ჩვენ დავინახავთ, რომ კალაძესაც, სურვილის მიუხედავად, მოუწევს ითამაშოს ივანიშვილის თამაში.

თქვენი აზრით, ამას უკვე აკეთებს კვირიკაშვილი?

რა თქმა უნდა.

ცვლილებების მიხედვით, იგეგმება კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს შეერთება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, რომელიც უნდა იყოს ოპერატიული ორგანო, ასევე იგეგმება საგარეო დაზვერვის მიერთება ასევე ოპერატიულ ორგანოსთან – სუსთან. მაშინ, როცა ახალი კონსტიტუციით, უშიშროების საბჭოც უნდა გაუქმდეს. ხომ არ ექმნება საფრთხე ეროვნული უშიშროების გრძელვადიანი ანალიზის საკითხებს?

…ამ ცვლილებით კვირიკაშვილმა კრიზისების საბჭო გადააქცია ტექნიკურ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებად. ანუ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც იმუშავებს და იზრუნებს ქვეყნის თავდაცვისა და სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე.

ეს იმ რეალობაში, როცა ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი; ჩვენ გვერდითაა რუსეთი, რომელიც გვებრძვის ყველანაირი მეთოდით და ბოლო პერიოდში ძალიან გამძაფრდა და გაძლიერდა ჰიბრიდული კომპონენტით, როგორიცაა საინფორმაციო ომი, პოლიტიკურ სპექტრში დიდი ფულის დახარჯვა და ა.შ; ამავდროულად, მგონი, არც გეოგრაფია შეგვიცვლია და საკმაოდ რთულ გეოგრაფიული სივრცეში ვიმყოფებით; ასევე არც ნატოსა და ევროკავშირში შევსულვართ.

ამიტომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელი ცვლილებები, რომელთა შედეგებს ძალიან მალე დავინახავთ.

საყურადღებოა ბუნებრივი რესურსების კომპონენტის მიერთება ეკონომიკის სამინისტროზე, რომელიც თავის დროზე სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაუბრუნა გარემოს დაცვის სამინისტროს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ვითარების ამგვარად შემობრუნება?

ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ცვლილებები არ არის კარგად გააზრებული. ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის კომპონენტის შერწყმის ფაქტიც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ საკადრო სიმწირიდან, რაც “ქართულ ოცნებას” გააჩნია. რადგან მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ ჩაიბარა თბილისის მერის პოსტი, ცხადია, ის წაიყვანს შესაბამის კადრებსაც [ენერგეტიკის სამინისტროდან].

ამ ორი კომპონენტიდან ერთი უნდა ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე და მეორე – ეკონომიკაზე, ანუ მათ აბსოლუტურად სხვადასხვა ფუნქციები აქვთ, ეს არის ორი სხვადასხვა ხელი ერთი ორგანიზმისა. გაუგებარია, კონცეპტუალურად რას ემსახურება ეს პროცესი. ასე რომ, მთლიანობაში, თუ კარგად ჩავხედავთ ამ ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილს, პოლიტიკური მდგენელის მიღმა გაურკვეველია, საერთოდ საით მიჰყავს კვირიკაშვილს სამთავრობო ცვლილებები.

მსგავსი საკადრო გადაადგილებების ფონზე აქტიურდება ხოლმე თემა, თუ რომელი ე.წ. ფრთა გაძლიერდა სამთავრობო გუნდის შიგნით. რას ფიქრობთ, რა მოცემულობა გვექნება ახლა? როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი მმართველ გუნდში?

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალაძე გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე „ქართული ოცნების“ გუნდში. ის არის პირდაპირ არჩეული მერი, აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და აქვს ასევე დამოუკიდებელი ფინანსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში. ის ეცდება დაამტკიცოს, რომ არის ყველაზე ძლიერი მოთამაშე „ქართულ ოცნებაში“. ის საკუთარ საკადრო პოლიტიკასაც წარმართავს ისე, რომ საბოლოოდ გახდეს პრემიერ-მინისტრი. აქ მთავარი არის ის, იქნება თუ არა ის რეალურად დამოუკიდებელი ბიძინა ივანიშვილის მითითებებისგან, რაზეც მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ამ ტესტს ვერ ჩააბარებს.

ახლა მიდის თამაში კვირიკაშვილსა და კალაძეს შორის პოლიტიკურ ძალთა დაბალანსების კუთხით. რა თქმა უნდა,  კალაძის ასეთი დამოუკიდებლობის ფონზე კვირიკაშვილს სჭირდება მოსახლეობას დაანახოს, რომ მას ჰყავს განახლებული გუნდი და მზადაა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს, რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან