ახალი ამბები

გაგრძელდება თუ არა ვაშლების პროგრამა სკოლებში – განათლების ახალი მინისტრის პასუხი

13 ნოემბერი, 2017 • 4833
გაგრძელდება თუ არა ვაშლების პროგრამა სკოლებში – განათლების ახალი მინისტრის პასუხი

განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ იგი მუშაობას ხვალიდან, 14 ნოემბრიდან შეუდგება.

“ზოგადად, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური მიდგომა და ამას განახორციელებს ჩვენი სამინისტრო”, – ასე უპასუხა მიხეილ ჩხენკელმა კითხვას, დარჩება თუ არა საჯარო სკოლებში ვაშლების პროგრამა.

ჩხენკელის თქმით, წარმატებული რეფორმები გაგრძელდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი იყო წარმატებული ან წარუმატებელი პროექტები. მისი თქმით, განათლების სისტემაში არის მთელი რიგი გამოწვევები, რაც უკავშირდება განათლების ხარისხს, მეცნიერების განვითარებას. ამის შესახებ კი მოკლე ვადაში კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარადგენს.

“მთელ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია განათლებისა და მეცნიერების განვითარება. ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე, კონკრეტულად იმაზე, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას და განათლებაზე ზრუნვას აქვს უმნიშვნელოვანესი პოზიცია. ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი იქნება მეცნიერებაზე ზრუნვა. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, მათ სჭირდებათ ყველა იმ პირობის შექმნა, რომ პოტენციალი რაც გააჩნიათ, მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, როდესაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან გამოვიდა. დღეს კვირიკაშვილმა ჩხენკელი განათლების მინისტრად დანიშნა. ამ პოსტზე მან ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი