ახალი ამბები

კალაძეს ხუთი მოადგილე ეყოლება – ნახეთ, ვინ არიან ისინი

13 ნოემბერი, 2017 • 5853
კალაძეს ხუთი მოადგილე ეყოლება – ნახეთ, ვინ არიან ისინი

თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 ნოემბერს მოადგილეები  წარადგინა. ახლად არჩეული მერის  მოადგილეები იქნებიან ირაკლი ხმალაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ბენდელიანი და გიგა ნიკოლეიშვილი. ეს უკანასკნელი ამჟამადაც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

სამთავრობო ცვლილებების დასრულების შემდეგ კალაძის გუნდს თბილისის მერიაში ილია ელოშვილიც შეუერთდება და ისიც მერის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნება. 

თბილისის ვიცემერის პოსტს ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაიკავებს.

ნახეთ ვინ არიან მოადგილეები:

ირაკლი ხმალაძე, ვიცემერი –  2013 წლიდან იკავებდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2008 წლიდან 2013 წლამდე კი ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. 2005-2008 წლებში ენერგეტიკის სამინისტროში, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. კალაძის უწყებიდან წასვლის შემდეგ ხმალაძემ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. ირაკლი ხმალაძე 2011 წლიდან “საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA), ლექტორია.

მაია ბითაძე – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 2011 დან 2014 წლამდე კი სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. 2007-2011 წელს იყო იურისტი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში. ბიწაძე არის ასოცირებული პროფესორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე ასოცირებული პროფესორია კავკასიის სამართლის სკოლაშიც.

გიგა ნიკოლეიშვილი – ის აქამდე მერის მოადგილე იყო;

ირაკლი ბენდელიანი -შპს-საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. მანამდე მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

ილია ელოშვილი – სამთავრობო ცვლილებების შემდეგ მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩება. ის კახა კალაძის სამინისტროდან წასვლის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი, 2012-2016 წლებში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. ელოშვილი 2011-2012 წლებში იყო ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტიის, Tetra Tech Inc-ის ხელმძღვანელის მოადგილე. 2010-2011 წლებში– შპს “ნიუ ენერჯის” ტექნიკური დირექტორი, 2008-2010 წლებში– ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა 2008 წელს  შპს “ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიაში”, მანამდე კი “ვისოლ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი