ახალი ამბებიკომენტარი

ჯაფარიძე: სამინისტროების შემცირება ეფექტური იქნება, თუ ეს ბიუჯეტშიც აისახება

13 ნოემბერი, 2017 • 3369
ჯაფარიძე: სამინისტროების შემცირება ეფექტური იქნება, თუ ეს ბიუჯეტშიც აისახება

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ქვეყანაში სამინისტროების გაერთიანებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ არსებითად შეიცვლება თუ არა რამე, ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც 2018 წლის ახალი ბიუჯეტი გამოქვეყნდება.

ზურა ჯაფარიძის თქმით, დაარსების დღიდან “გირჩი” მხარს უჭერს სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, თუმცა მისთვის გაუგებარია, ცვლილებები უფრო მასშტაბური რატომ არ არის:

“თავისთავად, სამინისტროების რაოდენობის შემცირება ნაბიჯია სწორი მიმართულებით.  “გირჩი” დაარსების დღიდან მხარს უჭერს სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ერთადერთი პარტია იყო, რომელსაც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა გაწერილი კონკრეტულად, როგორ უნდა შემცირებულიყო 7-8 სამინისტრომდე არსებული სამინისტროების რიცხვი.  

იმის თქმაც შეიძლება, რომ ბენდუქიძის შემდეგ ამ ქვეყანაში ვერც ვერავინ გაბედა, რომ შეემცირებინა სამინისტროების რაოდენობა. თუმცა მნიშვნელოვანია,  რომ ერთი მხრივ, სამინისტროების შემცირება კიდევ უფრო შეიძლებოდა. არის სამინისტროები, რომლებიც შეიძლება გაერთიანებულიყო. მაგალითად, ეკონომიკური ხასიათის სამინისტროები, შინაარსით რომ ეკონომიკური ხასიათი აქვთ, გაუგებარია, რატომ არიან ცალკე. იგივე, თუ ეკონომიკა გაერთიანდა,  ინფრასტრუქტურამ რა დააშავა, პირობითად. ან სოფლის მეურნეობა რატომ უნდა იყოს ცალკე?!” – ამბობს ჯაფარიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ზურა ჯაფარიძის თქმით, რაოდენობის შემცირების პლუსი ისაა, რომ მცირდება ბიუროკრატიის მნიშვნელოვნად ზრდის რისკები, თუმცა ჯერჯერობით უჭირს შეაფასოს ამ ცვლილებების ეფექტი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე:

“ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობის შემცირებას აქვს ერთი პლუსი, ის ამცირებს პოტენციურ რისკებს, რომ მომავალში ბიუროკრატია მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ანუ, გაზრდის არეალი მცირდეაბა. თუმცა მნიშვნელოვანი, თავისთავად, სამინისტროების რიცხვი არ არის, მნიშვნელოვანია მთავრობის ხარჯების მოცულობა.

ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ დაველოდოთ და ვნახოთ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორი იქნება და იქ ხარჯები იქნება თუ არა შემცირებული. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის პატარა ზომა, როდესაც მთავრობა ცოტა ფულს  იღებს ეკონომიკიდან და ცოტას ხარჯავს. ეს უნდა აისახოს შესაბამისად ბიუჯეტზე. თუ ეს იქნება, მაშინ ამ ცვლილებებს ექნება პოზიტიური შედეგი, თუ ეს არ იქნება, ცუდი არ იქნება, მაგრამ ეფექტს, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, ეს ვერ მოგვცემს” – ამბობს ჯაფარიძე. 

ზურა ჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ცვლილებების ახლა განხორციელება. ჯაფარიძის თქმით, ის ფაქტიც, რომ მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის და ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტს ეკონომიკის სამინისტროს ანიჭებს, “ქართული ოცნების” არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიანიშნებს, თუმცა სამინისტროების რაოდენობის შემცირებას “გირჩი” მიესალმება:

“მე მგონი, ამ ხელისუფლებაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, გარდა იმისა, რომ ისინი თანმიმდევრულები არიან. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ერთსა და იმავე რამეებს ჯერ აკეთბენ და მერე აუქმებენ. მაგალითად, შემოიღეს დაუბეგრავი მინიმუმი და შემდგომ გააუქმეს. მაგალითად, გაამკაცრეს  სავიზო რეჟიმი კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, შემდეგ ლიბერალიზაცია მოახდინეს. შექმნეს საინვესტიციო სააგენტო, რომელიც შემდეგ გააუქმეს.

ასეთი გადაწყვეტილებები მრავალი აქვთ მიღებული, მათ შორის, ახლა არანაირი კონკრეტული ცვლილება  ქვეყნის გამოწვევების თვალსაზრისით არ მომხდარა. იგივე გამოწვევები არსებობდა შარშანაც, იმის წინაც და ცხადია,  სამინისტროების რაოდენობის შემცირება შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინაც. ამაზე მე წლებია ვსაუბრობ, თუმცა არ გააკეთეს და რატომღაც ახლა გადაწყვიტეს ამის გაკეთება. შესაბამისად, თანმიმდევრულს ვერ დავარქმევ მათ პოლიტიკას.

რატომ გადაწვყიტეს ამის გაკეთება ახლა და არა 3-4 წლის წინ, არ ვიცი. ეს გასაკეთებელია, უნდა გაკეთებულიყო გაცილებით  ადრე. მე საერთოდ არ მესმის, ეკონომიკის რომელიღაცა მიმართულების ცალკე სამინისტრო რატომ უნდა არსებობდეს. ცხადია, რომ გასაუქმებელი იყო, შეიძლება ეს ყველაფერი გაერთიანდეს ერთ სამინისტროში,” – ამბობს “გირჩის” ლიდერი. 

რაც შეეხება მინისტრების ცვლილებას, ჯაფარიძის თქმით,  “ქართული ოცნება” საკუთარ თანაგუნდელებს პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ყოველთის ასაქმებდნენ სხვადასხვა უწყებებში. გიორგი მღებრიშვილის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნას, რომელიც კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება, ამ ტენდენციას უკავშირებს:

“აქამდე სულ ასე იყო, “თავიანთ ხალხს” ისინი ყურადღებას ყოველთვის აქცევდნენ და არ ტოვებდნენ, ასე ვთქვათ, ლუკმა-პურის გარეშე. მე მგონი, იგივეს ვხედავთ, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც ისინი ათავისუფლებენ, სხვადასხვა ადგილას  პოულობენ თანამდებობს. მღებრიშვილის შემთხვევაში რაღაც ახალ ცენტრს ქმნიან. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ სამცხე-ჯავახეთში ხანძრების დროს მან კარგად გაართვა თავი საგანგებო მდგომარეობას და  ამიტომ საგანგებო მდგომარეობების მენეჯმენტს აბარებენ” – ამბობს ჯაფარიძე.

“გირჩის” ლიდერის განცხადებით, დასკვნების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც 2018 წლის ახალი ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნდება:

‘საბოლოო ჯამში, უნდა ვნახოთ 2018 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი. იქ გამოჩნდება, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მხრივ იცვლება თუ არა მდგომაროება. შეგვიძლია შევადაროთ 2018 წლის ბიუჯეტის უკვე არსებულ პროექტსაც, ხელფასებზე რა თანხები იყო გათვალისწინებული და ახლა რამდენი იქნება. მათ შორის უწყებების მიხედვითაც გვექნება საშუალება, შევადაროთ. მაგალითად, როდესაც ერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო, შესაძლებლობა გვექნება  ვნახოთ, რამდენი ჰქონდათ ცალ-ცალკე ბიუჯეტი და ახლა რამდენი ექნებათ. საბოლოო ჯამში, ახალი ბიუჯეტის პროექტი გაგვცემს პასუხს იმ კითხვაზე, რეალურად ამცირებენ თუ არა ბიუროკრატიას” – ამბობს ზურა ჯაფარიძე. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს, საგანგებო ბრიფინგზე ცვლილებების ახალი ტალღის შესახებ განაცხადა, რომელიც მისი თქმით, მოემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ცვლილებების მიხედვით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. ვრცლად, დაგეგმილ ცვლილებებზე წაიკითხეთ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი