ჩუგოშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: საუბარი პროცესებში ივანიშვილის მონაწილეობაზე ხალხს მობეზრდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიციის საუბარი პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე მოსაბეზრებელია. ამის შესახებ მან სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

“მე მგონი, ზოგადად, საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და დაუსრულებელი საუბარი მის მონაწილეობაზე ამ ყველაფერში, უკვე მობეზრდა მოსახლეობას იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ამას აკეთებს ოპოზიცია. არ ვაპირებ, ამაზე კომენტარები ვაკეთო”, – აღნიშნა მან.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მთავრობის მუშაობის სარგებლიანობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით, სამთავრობო ცვლილებები აუცილებელი იყო და მინისტრთა კაბინეტის ეფექტურობა სხვაგვარად ვერ გაიზრდებოდა.

“ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობის მუშაობა იყოს უფრო ეფექტური. უკეთ კოორდინირებული და იყოს მინიმალური რესურსების განმოყენების ხარჯზე. ბუნებრივია, რომ რაღაც რაოდენობა ადამიანებისთვის შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, მტკივნეული იყოს. მესმის ეს ყველაფერი. მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ვსაუბრობთ ბიუროკრატიის შემცირებაზე და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, სხვანაირად ამ ხარჯების შემცირება და მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა ვერ მოხდება”.

დღეს, 13 ნოემბერს, გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უქმდება 4 სამინისტრო: ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ევროინტეგრაციისა და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროები.

სამთავრობო ცვლილებებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან