განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლების მინისტრის თანამდებობას მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. იცვლება სამინისტროს სტრუქტურაც. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.

მიხეილ ჩხენკელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პრორექტორის თანამდებობას 2016 წლის 1 ნოემბრიდან იკავებს. ის თსუ-ს პროფესორია.

მიხეილ ჩხენკელს დამთავრებული აქვს თსუ-ს მათემატიკის ფაკულტეტი, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი დაიცვა მათემატიკაში. ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ყოფილი დეკანი და ვიცეპრეზიდენტი:

“ის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღბული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ თანამდებობაზე ჩხენკელი ალექსანდრე ჯეჯელავას ჩაანაცვლებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი