სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება, მინისტრების ნაწილი იცვლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს, საგანგებო ბრიფინგზე ცვლილებების ახალი ტალღის შესახებ განაცხადა, რომელიც მისი თქმით, მოემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ცვლილებების მიხედვით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა.

“ამისთვის ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას. დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადების მიხედვით, მთავრობის სტრუქტურა შემდეგნაირად შეიცვლება:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. იგი პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. ხოლო შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავდროულად იქნება ვიცეპრემიერი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;
  • პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

მინისტრების პორტფელები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  1. დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი;
  2. გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  3. მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  4. მამუკა ბახტაძე, ფინანსთა მინისტრი;
  5. მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
  6. მიხეილ გიორგაძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი;
  7. ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  8. დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
  9. სოზარ სუბარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
  10. ზურაბ ალავიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  11. ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  12. თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  13. კახა კახიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
  14. ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

“ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდება.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარდგება პარლამენტის წინაშე ნდობის გასაახლებლად.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ტოვებენ მინისტრთა კაბინეტს, რჩებიან გუნდის წევრებად. გაწეული საქმიანობისთვის პრემიერმა მათ მადლობა გადაუხადა. ესენი არიან: ალექსანდრე ჯეჯელავა (განათლების მინისტრი), ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი) და გიგლა აგულაშვილი (გარემოს დაცვის მინისტრი), ილია ელოშვილი (ენერგეტიკის მინისტრი). უცნობია, სად გააგრძელებენ ისინი საქმიანობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი