ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება. შესაბამისად, მინისტრის პორტფელის გარეშე რჩება ილია ელოშვილი, რომელმაც ეს პოსტი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც მისი წინამორბედი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატად ჩაერთო.

კალაძის უწყებიდან წასვლის შემდეგ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა ჯერ ირაკლი ხმალაძემ, რომელმაც კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა და სავარაუდოდ თბილისის ვიცემერის პოსტს დაიკავებს, შემდეგ კი, მარიამ ვალიშვილმა, რომელიც “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა.

პრემიერის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

ამას გარდა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ისევ გამოეყოფა ბუნებრივი რესურსების კომპონენტი და ის გადავა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

2011 წლის მარტში ენმ-ის ხელისუფლებამ ენერგეტიკის სამინისტრო გააძლიერა, კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, რომელსაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაერქვა, ამ ცვლილებასთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროში გარკვეული სტრუქტურები გაუქმდა, რის შედეგადაც სამინისტროს ფუნქციები შეუმცირდა. თუმცა, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ბუნებრივი რესურსების ნაწილი ისევ გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდა. მაშინ ქართულმა ოცნებამ გარემოს დაცვის სამინისტროს როლის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი.

ენერგეტიკის სამინისტრომ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოვლისთანავე, გამოიწვია საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება ხუდონ ჰესის პროექტის დაანონსების გამო. თუმცა კახა კალაძემ ენერგეტის მინისტრობის ხუთწლიანი პერიოდი ისე დაასრულა, ეს ჰესი ვერ აშენდა. საზოგადოების პრეტენზიები ასევე ეხებოდა სხვა მაღალი სიმძლავრის ჰესების მშენებლობასაც, რაც ოცნების ხელისუფლებას პრიორიტეტად ჰქონდა გამოცხადებული.

ბოლო პერიოდში მოსახლეობის აქტიური პროტესტი გამოიწვია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების პროექტებმა აჭარასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი