ახალი ამბები

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის თანამდებობას ტოვებს, მინისტრი გახარია ხდება

13 ნოემბერი, 2017 • 3366
გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის თანამდებობას ტოვებს, მინისტრი გახარია ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის თანამდებობას ტოვებს. იგი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც ჩამოყალიბდება კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს შერწყმის შედეგად და დაექვემდებარება უშუალოდ პრემიერ-მინისტრს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე – 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე, მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო უფრო ადრე ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო.

შეგახსენებთ, რომ მღებრიშვილის მიმართ არაერთი პრეტენზია არსებობდა როგორც საზოგადოების ნაწილის, ისე ოპოზიციის მხრიდან.

მაგალითად, შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა სამოქალაქო სექტორის ნაწილი, როცა თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოს ციხეში: საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მოახერხა მუხთარლიმ სახელმწიფო საზღვრის კვეთა, რაზეც პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საზოგადოების ნაწილის პრეტენზია შს მინისტრის მიმართ ასევე გამოიწვია გორში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, როდესაც პატრულის მიერ გზის სატვირთო მანქანით გადაკეტვის შედეგად ავარიაში დაიღუპა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შვილი ბექა ხახუბია.

მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში დაფიქსირდა მინიმუმ ორი შემთხვევა (სამტრედიაში და ხარაგაულში), როცა ახალგაზრდა მამაკაცებმა თავი მოიკლეს და ამის მიზეზად ისინი სიცოცხლეშივე ასახელებდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში მოხდა არაერთი ფაქტი, როდესაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს მოქალაქეები (მაგალითად, ჟურნალის ელისო კილაძის შვილი, პრეზიდენტის სიძის მეგობარი), რომლებიც საუბრობდნენ პოლიციელების მიერ ნარკოტიკების ჩადებაზე და საბოლოოდ ეს ადამიანები სასამართლომ გაამართლა, თუმცა არ დასჯილან ის პოლიციელები, რომლებმაც განახორციელეს ნარკოტიკების ჩადება.

ამას გარდა, 2017 წლის 13 აგვისტოს youtube-ით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრს ეუბნება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ “მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა”. მღებრიშვილმა ამ ფაქტს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი