ახალი ამბები

ხაშურში სახელისუფლებო და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერებმა იჩხუბეს

13 ნოემბერი, 2017 • 4123
ხაშურში სახელისუფლებო და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერებმა იჩხუბეს

ხაშურში, დაახლოებით 02:00 საათზე, სახელისუფლებო და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ “ქართული მარშის” ლიდერები, რომლებიც ინციდენტს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერების პროვოკაციას უწოდებენ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხაშურში სახელისუფლებო კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა:

  • გიორგი გურასპაშვილი, ქართული ოცნება – 61.31%
  • რამაზ ნოზაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 38.69%

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამართლდამცველებს არავინ დაუკავებიათ, რადგან მიმდინარეობს მოკვლევა. მათი ცნობით, ამ დროისთვის ხაშურში უკვე დასტაბილურდა სიტუაცია.

ე.წ. ქართული მარშის წევრები, რომლებიც თავდაპირველად ბოიკოტს უცხადებდნენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს, მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატის, რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად ხაშურში ჩავიდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება ხაშურში სახელისუფლებო და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერებს შორის. სქრინი: patrioti tv

ხაშურის გარდა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს კიდევ 5 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ოზურგეთში გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა; სადავო ოქმი, რომლის გაუქმებასაც ხელისუფლება ითხოვდა, ცესკოს მონაცემებშიც აისახა, რამაც ოზურგეთში არჩევნების ბედი დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ოზურგეთი – 62 უბნის (ყველა) შედეგები:

  • ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება – 49.89% (17 227 ხმა);
  • კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 50.11% (17 306 ხმა).

ქუთაისი – 124-დან დათვლილია 123+1 საარჩევნო უბნი:

  • გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობა – 12.45%
  • გიორგი ჭიღვარია, ქართული ოცნება – 87.55%

ყაზბეგი – 10-დან დათვლილია 10-ვე საარჩევნო უბანი:

  • სანდრო ყამარაული, დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო – 31.35%
  • ალექსანდრე ზაგაშვილი, ქართული ოცნება – 68.65%

ბორჯომი – 30-დან დათვლილია 30-ვე საარჩევნო უბანი:

  • ზაზა ჩაჩანიძე, პატრიოტთა ალიანსი – 44.78%
  • ლევან ლიპარტია, ქართული ოცნება – 55.22%

მარტვილი – 39-დან დათვლილია 39-ვე საარჩევნო უბანი:

  • მამუკა დანელია, ნაციონალური მოძრაობა – 6.96%
  • ალექსანდრე გრიგალავა, ქართული ოცნება – 94.04%

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო დღეს ზემოთხსენებულ 6 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართა – ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში ააკეთებდნენ არჩევანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი