სადავო ოქმი, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი გადაწყვიტა, ცესკოს მონაცემებშიც აისახა

ნასაკირალის N59-ე საარჩევნო უბნის სადავო ოქმი, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ გადაწყვიტა, ცესკოს ვებგვერდზეც აისახა.

ოზურგეთში ყველა უბნის დათვლის შედეგად კონსტანტინე შარაშენიძემ სახელისუფლებო კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით მოუგო.

გადამწყვეტი გამოდგა სწორედ ნასაკირალში მდებარე N59 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც ოპოზიციონერმა კანდიდატმა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი 114 ხმით დაამარცხა. მანამდე, 62-დან 61 უბნის შედეგებით, სახელისუფლებო კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე 35 ხმით უსწრებდა კონსტანტინე შარაშენიძეს.

ნასაკირალის საარჩევნო უბნის ოქმი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ იყო ამ დრომდე ასახული, რადგან იქ ვითარება დაიძაბა – ხელისუფლება ამ საარჩევნო უბნის გაუქმებას ითხოვს. ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბნის ოქმი საოლქო კომისიაში პოლიციის თანხლებით მიიტანეს.

ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბნის ოქმი, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვიტა

ოზურგეთი – 62 უბნის (ყველა) შედეგები:

  • ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება – 49.89% (17 227 ხმა);
  • კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 50.11% (17 306 ხმა).

ოზურგეთში მთელი დღის განმავლობასი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა არჩევნები. ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერებმა გამართეს აქცია, ლოზუნგით – “არა გაყალბებას!”

მოგვიანებით, “ქართულმა ოცნებამ” ნასაკირალის საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა, რომელმაც ოზურგეთში არჩევნების ბედი გადაწყვიტა. სახელისუფლებო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ, რის გამოც შედეგები უნდა გაბათილდეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად, დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ქუთაისი – 124-დან დათვლილია 123+1 საარჩევნო უბნი:

  • გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობა – 12.45%
  • გიორგი ჭიღვარია, ქართული ოცნება – 87.55%

ყაზბეგი – 10-დან დათვლილია 10-ვე საარჩევნო უბანი:

  • სანდრო ყამარაული, დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო – 31.35%
  • ალექსანდრე ზაგაშვილი, ქართული ოცნება – 68.65%

ხაშური – 52-დან დათვლილია 52-ვე საარჩევნო უბანი:

  • გიორგი გურასპაშვილი, ქართული ოცნება – 61.31%
  • რამაზ ნოზაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 38.69%

ბორჯომი – 30-დან დათვლილია 30-ვე საარჩევნო უბანი:

  • ზაზა ჩაჩანიძე, პატრიოტთა ალიანსი – 44.78%
  • ლევან ლიპარტია, ქართული ოცნება – 55.22%

მარტვილი – 39-დან დათვლილია 39-ვე საარჩევნო უბანი:

  • მამუკა დანელია, ნაციონალური მოძრაობა – 6.96%
  • ალექსანდრე გრიგალავა, ქართული ოცნება – 94.04%

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო დღეს ზემოთხსენებულ 6 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართა – ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში ააკეთებდნენ არჩევანს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.