ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნაურუს პრეზიდენტი აფხაზეთში – აშშ-ისა და საქართველოს ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით

13 ნოემბერი, 2017 • 6810
ნაურუს პრეზიდენტი აფხაზეთში – აშშ-ისა და საქართველოს ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით

ნაურუს პრეზიდენტი, ბარონ ვაკა და სამთავრობო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იმყოფებიან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრებს მართავენ.

როგორც აფხაზური მედია წერს, ნაურუს პრეზიდენტმა აფხაზეთში ოფიციალური შეხვედრების დროს აშშ-ისა და საქართველოს მხრიდან იმ ზეწოლაზე და სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობას ახლავს თან.

“ჩვენ რეალურად ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით, პირველ რიგში, აშშ-ისა და საქართველოს მხრიდან. იყო ქრთამის მოცემის მცდელობებიც, მაგრამ ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ აღნიშნული გზიდან არ გადავუხვევთ. ეს სიტუაცია შანტანჟს ჰგავდა”, – ციტირებს ნაურუს პრეზიდენტს სააგენტო სპუტნიკი.

თუმცა, როგორც ბარონ ვაკამ განაცხადა, აღნიშნული მოვლენების შემდეგ მის ხელისუფლებას აფხაზეთის წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენა და უთხრა, რომ აფხაზეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები უნდა გაეგრძელებინათ.

“ჩვენ დიდი გული გვქვს და ისევე გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც თქვენ”, – აცხადებს სოხუმში მყოფი ნაურუს პრეზიდენტი.

ნაურუს დელეგაცია აფხაზეთში 2016 წელს და 2017 წლის დასაწყისშიც იმყოფებოდა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ნაურუს [მოსახლეობა დაახლოებით 10 ათასი] გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ და მისი დახმარებითვე, ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარეს. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული ჰქონდათ ასევე ვანუატუსა და ტუვალუს, რომლებმაც მოგვიანებით ამ აღიარებაზე უარი თქვეს.

2017 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხებოდა.

კერძოდ, ამ აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ახალი რეგულაციის შესაბამისად, ცვლილებები ნაურუს ფინანსურ მხარდაჭერასაც უნდა შეხებოდა.

როგორც რამდენიმე თვის წინ ახალზელანდიური გამოცემა radionz.co.nz წერდა, ნაურუს რესპუბლიკა, რომელსაც დახმარებას უწევენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, აშშ-ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს – ნაურუს ფინანსურად ეხმარებიან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციის მსხვილი ფინანსური პარტნიორია აშშ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი