ახალი ამბები

გია ჟორჟოლიანი ადასტურებს ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებაზე

12 ნოემბერი, 2017 • 2356
გია ჟორჟოლიანი ადასტურებს ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან გამოსული დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაგეგმილი ცვლილებებით ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.

“ჯერ წინადადება არის შემოტანილი. ეს წინადადება გულისხმობს გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებს. მაგალითად მთელი დღე ლაპარაკობდით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. ამის თაობაზე მოგახსენეთ. ასეთი წინადადება მართლაც არის. ჩემი აზრით ეს არის კარგი, პოზიტიური ნაბიჯი. ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელთა 60% ცალკე იყო ქონების მართვის სააგენტოში,  რაც ჩემი აზრით, ეკონომიკის სამინისტროს შინაარს აცლიდა. ანუ ჩვენ სამინისტროები არ უნდა გვქონდეს ისეთი, რომლებსაც კონკრეტული საქმეები არ აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს მიეცემა შინაარსი. ჩემი აზრით, ეს არის ეკონომიკის ნაწილი და კარგია, რომ საერთო ეკონომიკური განვითარების კონტექსტში იქნას განხილული ენერგეტიკის განვითარება,” – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ  შესაძლოა აღარ გაუქმდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ამის შესახებ სხდომიდან გამოსილმა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო უმარვლესობის კიდევ ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ იგეგმება კონცეპტუალური ცვლილებები, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე მათ პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა:

“ყველა საკითხზე დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა პრემიერ-მინისტრმა. გაგვაცნო ძირითადი პრინციპები კანონპროექტისა, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა მთავრობის შესახებ. სიღრმისეულად ვისაუბრეთ ყველა მიმართულებაზე. ეს არ არის ტექნიკური ცვლილება, ეს არის შინაარსობრივი, კონცეპტუალური ცვლილებები, რომელიც ძალიან საინტერესოა. არც ერთ დარგს არაფერი არ აკლდება,  თუ არ ემეტაბა თვითონ ხედვის და ორგანიზების პრინციპების დონეზე. ასე რომ მე არა მგონია, რომ რომელიმე ჩვენი კოლეგა მზად იყოს იმისთვის, რომ დეტალურად ისაუბროს,  მით უმეტეს კონკრეტიკით,  ვინაიდან ხვალ პრემიერი ჩვენთან დღეს შეთანხმებულ პოზიციას დეტალურად წარმოგიდგენთ”.

გია ვოლსკის განცხადებით, ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს და გუნდმა ძირითადად პოზიტიურად შეაფასა ეს ცვლილებები.

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა, რომელზეც დაგეგმილ სტუქტურულ და საკადრო ცვლილებებს განიხილავდნენ,  გვიან ღამით დასრულდა.

პრემიერ-მინისტრი ცვლილებებზე განცხადებას 13 ნოემბერს გააკეთებს. მანამდე ვრცელდება მხოლოდ დაუდასტურებელი ცნობები რამდენიმე სამინისტროს გაუქმებასა და საკადრო ცვლილებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი