ახალი ამბები

უჭერთ თუ არა მხარს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას – ჩუგოშვილი კითხვას არ პასუხობს

12 ნოემბერი, 2017 • 2145
უჭერთ თუ არა მხარს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას – ჩუგოშვილი კითხვას არ პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა, თუმცა არ უპასუხა კითხვას უჭერს თუ არა მხარს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას.

“დეტალებზე თავად ისაუბრებს პრემიერი, იგეგმება მთავრობაში როგორც სტრუქტურული, ასევე საკადრო ცვლილებები”.

ჟურნალისტების სხვა კითხვებს დეპუტატმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ ყველაფერზე პრემიერ-მინისტრი იასუბრებს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა “ქართული ოცნების” ოფისში საღამოს დაიწყო.

რა ვიცით ამ დრომდე: 

სხვადასხვა მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ  უქმდება 5 სამინისტრო, კერძოდ:

[checklist]

  • გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო;
  • გაუქმებული სპორტის სამინისტროს ფუნქციები დაემატება კულტურისა და განათლების სამინისტროებს;
  • გაუქმებული გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გადაინაწილებენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები;
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუერთდება იუსტიციის სამინისტროს.
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მის ფუნქციებს შეითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

[/checklist]

 

მინისტრების თანამდებობები, პირველი არხის ცნობით, ასე გადანაწილდება: გიორგი მღებრიშვილის გადაყენების შემდეგ შს მინისტრის პოსტს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს; ეკონომიკის მინისტრის – ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.  გავრცელებული ცნობით, ასევე იგეგემება სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც ამჟამინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი უხელმძღვანელებს. თუმცა ეს ინფორმაციები დაუდასტურებელია.

პრემიერ-მინისტრი განცხადებას საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე 13 ნოემბერს 11.00 საათზე გააკეთებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი