ბაჰრეინი რუკაზე. წყარო: Operationworld.com

აფეთქება ბაჰრეინში: ურთიერთბრალდებები და დაძაბულობის ახალი კერა

ხუთშაბათს, ბაჰრეინის უმსხვილეს ნავთობსადენზე მომხდარ აფეთქებას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერორისტულ აქტად აფასებს და მომხდარში ირანს ადანაშაულებს. Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრმა განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა, რომელშიც ოფიციალური თეირანი პირდაპირ დაადანაშაულა “ტერორიზმთან და საბოტაჟთან” კავშირში.

“ინციდენტი იყო საბოტაჟი და საშიში ტერორისტული აქტი, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი ღირებულებებისა და ხალხის უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული.
…ტერორისტული აქტები, რომლის მომსწრეც ქვეყანა[ბაჰრეინი] ბოლო პერიოდში გახდა, იმართებოდა პირდაპირი კონტაქტებითა და ინსტრუქციებით ირანიდან”, – აღნიშნულია რაშიდ ბინ აბდულლაჰ ალ-ხალიფას განცხადებაში.

ბრალდებას მალევე გამოეხმაურა ოფიციალური თეირანი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის განცხადებით, ყველაფერი ეს “სიცრუე და ბავშვური ბრალდებებია”.

აფეთქება პარასკევს, ბაჰრეინის ჩრდილოეთით, დედაქალაქ მანამადან 15 კილომეტრში, სოფელ ბურიში მოხდა. მილსადენი ცეცხლის ალში გაეხვა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდებარე დასახლებული ოუნქტებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, მომხდარის შემდეგ თავდაცვითი ზომები ოფიციალურმა არ-რიადმაც გააძლიერა.

ცნობისთვის, ბაჰრეინი ე.წ. “ნავთობის სახელმწიფოა” სპარსეთის ყურეში, რომლის შემოსავლის უმთავრეს წყაროს შავი ოქრო წარმოადგენს. ის ყოველდღიურად 230 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რომელიც ექსპორტზეც გააქვს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ირანის მისამართით ტერორიზმთან კავშირის ბრალდება არაერთგზის გაისმა. გასულ კვირას, საუდის არაბეთის მთავრობამ არ-რიადის აეროპორტთან ახლოს მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც მან სარაკეტო თავდასხმა უწოდა, იემენში აჯანყებული ჰუსიტები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ იარაღით ირანი ამარაგებს. თეირანში ბრალდება უარყვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან