ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე: სამთავრობო ცვლილებების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2017 • 1655
მიხეილ ჯანელიძე: სამთავრობო ცვლილებების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც იმავდროულად არის ვიცე-პრემიერი ტელეკომპანია “იმედთან’ საუბარში ადასტურებს, რომ მთავრობაში მიმდინარეობს ცვლილებების პროექტზე მუშაობა.

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს გუნდში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და როდესაც ეს ცვლილებები შესაბამისად მომზადდება, უკვე ამას პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს”, – განუცხადა იმედს ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოგიერთი მედიასაშაულება იუწყება მოსალოდნელი სამთავრობო  ცვლილებების შესახებ. თავდაპირველად, 11 ნოემბერს გაზეთმა “პრაიმ ტაიმმა” გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით მომავალ კვირას პოსტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს. გუშინვე On.ge-მ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უქმდება 4 სამინისტრო, კერძოდ:

  1. გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო;
  2. გაუქმებული სპორტის სამინისტროს ფუნქციები დაემატება კულტურისა და განათლების სამინისტროებს;
  3. გაუქმებული გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გადაინაწილებენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები;
  4. სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუერთდება იუსტიციის სამინისტროს.

დღეს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, ასევე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომ პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას ხვალ, 13 ნოემბერს გააკეთებს. მათივე ცნობით, 18-ის ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება, ანუ პირველი არხის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი 4 სამინისტროს გარდა უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მის ფუნქციებს შეითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრების თანამდებობები, პირველი არხის ცნობით, ასე გადანაწილდება: გიორგი მღებრიშვილის გადაყენების შემდეგ შს მინისტრის პოსტს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს; ეკონომიკის მინისტრის – ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

პრემიერის პრესსმასახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ხვალ გიორგი კვირიკაშვილის მიერ რაიმე განცხადების გაკეთება არ არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი