ახალი ამბები

გადასატან ყუთში ცარიელი ბიულეტენები ჩაუვარდათ – დარღვევა ბორჯომში

12 ნოემბერი, 2017 • 1583
გადასატან ყუთში ცარიელი ბიულეტენები ჩაუვარდათ – დარღვევა ბორჯომში

ბორჯომის 25-ე საარჩევნო უბანზე – გადასატან ყუთში სამი ცარიელი ბიულეტენი ჩაუვარდათ. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც გადასატანი ყუთი უკვე მიტანილი იყო 11 ამომრჩეველთან და 3 იყო დარჩენილი.

საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ყიფიანმა განაცხადა, რომ ბიულეტენები შემთხვევით ჩაუვარდა კომისიის წევრს.

“გადასატან ყუთზე ვინც იყვნენ წასული, კომისიის ორი წევრი და ორი დამკვირვებელი, ტრანსპორტში როდესაც ჩასხდნენ, კომისიის წევრს, რომელსაც კალთაში ჰქონდა გადასატანი ყუთი და ხელში ეჭირა კონვერტები, კონვერტების გასწორებისას სამი ცალი ცარიელი კონვერტი ჩაცურდა გადასატან ყუთში. მოვიდნენ, სათანადო ახსნა-განმარტება დაიწერა. ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწერა საჩივრები და ახლა განვიხილავთ,” – განაცხადა თამარ ყიფიანმა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, გაუქმდება თუ არა გადასატანი ყუთის შედეგები, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებს:

“ერთ-ერთი საჩივარია, რომ გაუქმდეს, მაგრამ კანონის თანახმად, ეს არ არის იმ კატეგორიის დარღვევა, აღნიშნული ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ მოხდება განხილვა და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული,”- განაცხადა მან.

კომენტარი გააკეთა კომისიის იმ წევრმაც, ვისაც ბიულეტენები ჩაუვარდა:

“ძალიან ვნერვიულობ, როგორ დამემართა მეც არ ვიცი,”- განაცხადა მან.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბორჯომის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობას ითოხვს. ამის მიზეზი გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევაა, რომელიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს. საიას განცახებით, კომისიის წევრებმა უბნიდან 16 საარჩევნო ბიულეტენი და 14 კონვერტი გაიტანეს. კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მანქანაში მგზავრობის დროს 3 ცალი კონვერტი მათ გადასატან ყუთში ჩაუვარდათ, რაზეც საიამ საჩივარი დაწერა და ამ უბანზე გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა.

ცესკოს სპიკერმა ანა მიძელაძემ 12:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ყუთში ცარიელი კონვერტების ჩავარდნა არ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე.

“ცარიელი კონვერტები იმას ნიშნავს, რომ მასში არ დევს ბიულეტინები. შესაბამისად, როდესაც გაისხნება ყუთი ცარიელი კონვერტები იქნება გადმოდებული და ეს ვერ მოახდენს გავლენას უშუალოდ არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი