მარტვილში და ოზურგეთში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა გამოვლინდა – ISFED

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დამკვირვებლების ინფორმაციით, 6 ოლქში, სადაც თვითმმართველობის არჩევენების მეორე ტური ტარდება, 09:30 საათამდე, 5 დარღვევა დაფიქსირდა. ISFED-ის განცხადებით, ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა.

როგორც ISFED-ში აცხადებენ,  ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა
ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა, რაც კენჭისყრის ფარულობის დარღვევად შეფასდა. მარტვილის საარჩევნო ოლქის  #12 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ, რეგისტრატორის მაგიდაზე, შემოხაზა. მარკირების შემოწმების პროცედურა დაირღვა ოზურგეთის #29 საარჩევნო უბანზე, სადაც ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების შემოწმებას კენჭისყრისთვის განკუთვნილი ოთახის გარეთ ახორციელებდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, უბანზე მყოფ დამკვირვებელს არ მიეცა მარკირების შემოწმების პროცედურაზე დაკვირვების შესაძლებლობა. ISFED-ის განცხადებით, საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

ორგანიზაციის განცხადებით, დარღვევები გამოვლინდა ქუთაისშიც. ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში
ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს. ISDED-ის თქმით, აღნიშნულის შედეგად ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე  კი “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრი რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, მუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, პარტიის მიერ საარჩევნო კომისიებიდან წევრების გამოწვევის გამო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო მზად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი