ახალი ამბები

ულტრანაციონალისტური მესიჯები მთავრობისგან მხარდაჭერილ თავისუფლების მარშზე პოლონეთში

12 ნოემბერი, 2017 • 2147
ულტრანაციონალისტური მესიჯები მთავრობისგან მხარდაჭერილ თავისუფლების მარშზე პოლონეთში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ნაციონალისტურ მარშს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა, 60 000-მდე ადამიანი დაესწრო. ქალაქის მთავარ მოედანზე მარშის ათობით ათასი მონაწილე გამოვიდა წითელი მანათობლებითა და სხვადასხვა ლოზუნგებით.

BBC-ის ცნობით, ეროვნულ-რელიგიურ სლოგანებთან ერთად (“ღმერთი, დიდება, ქვეყანა”!), მარშზე ულტრანაციონალისტური შეძახილებიც ისმოდა, როგორიც იყო “სუფთა პოლონეთი, თეთრი პოლონეთი!”

აქციის მონაწილეთა ნაწილს კი ხელში ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების, მათ შორის  პოლონეთის “ნაციონალ-რადიკალური ბანაკის” დროშები ეჭირა. თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულთა განწყობა ერთგვაროვანი არ იყო და ნაწილი აცხადებდა, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოვიდა.

მარშის ჩატარებას მიესალმა პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამაყობს ადამიანებით, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას შეუერთდნენ.

მარშის პარალელურად მცირერიცხოვანი ანტიფაშისტური კონტრაქციაც იმართებოდა, რომელსაც, BBC-ის ინფორმაციით, 2000-მდე ადამიანი დაესწრო.

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ოფიციალური ღონისძიებით აღნიშნეს.

“დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა და მომავალშიც აღნიშნავს ყველა პოლონელი და არა ერთი პარტია. პატრიოტიზმის მონოპოლიზება არცერთ პოლიტიკოსს უცდია და არც უნდა სცადოს”, – აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდნ ტუსკმა, რომელმაც დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან პოლონეთს “კანონისა და სამართლიანობის” მართავს. ამავე პარტიის მხარდამჭერია ქვეყნის პრეზიდენტი ანჟეი დუდაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი