ახალი ამბები

კობახიძის თქმით, რეაგირება დამოკიდებული იქნება პარლამენტში მღებრიშვილის პასუხებზე

12 ნოემბერი, 2017 • 2081
კობახიძის თქმით, რეაგირება დამოკიდებული იქნება პარლამენტში მღებრიშვილის პასუხებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შეკითხვებზე მინისტრ მღებრიშვილის პასუხებზე იქნება დამოკიდებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან რეაგირება.

“რა თქმა უნდა, კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ისე საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას. ეს არის ჩვენი საპარალმენტო ფუნქცია. ეს არის ჩვენი საზედამხედველო ფუნქცია. კითხვები დაისმება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რეაგირეას, ეს რეაგირება იქნება დამოკიდებული იმაზე, იმაზე თუ რა პასუხებს მივიღებთ ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან და ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. გვექნება სერიოზული განხილვა და ამის საფუძველზე, პარლამენტი განახორციელებს ფუნქციებს”, – განაცხადა კობახიძემ პალიტრა ტვ-ს ეთერში.

შეკითხვაზე იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, კობახიძემ განაცხადა:

“სამთავრობო ცვლილებები არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი გადასაწყვეტია ეს საკითხები. მე ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი გადაწყდება პრემიერ მინისტრის მიერ”.

გუშინ გაზეთმა “პრაიმ ტაიმმა” გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით მომავალ კვირას პოსტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს.

ოქტომბრის ბოლოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში ნოემბრის ბოლოს მივა და კომიტეტში შედგება მისი მოსმენა.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. მანამდ – 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო უფრო ადე ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო.

შეგახსენებთ, რომ მღებრიშვილის მიმართ არაერთი პრეტენზია არსებობს როგორც საზოგადოების ნაწილის, ისე ოპოზიციის მხრიდან.

მაგალითად, შს მინისტრის პასუხისმგებლობას საუბრობდა სამოქალაქო სექტორის ნაწილი, როცა თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოს ციხეში: საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მოახერხა მუხთარლიმ სახელმწიფო საზღვრის კვეთა, რაზეც პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საზოგადოების ნაწილის პრეტენზია შს მინისტრის მიმართ ასევე გამოიწვია გორში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, როდესაც პატრულის მიერ გზის სატვირთო მანქანით გადაკეტვის შედეგად ავარიაში დაიღუპა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შვილი ბექა ხახუბია.

მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში დაფიქსირდა მინიმუმ ორი შემთხვევა (სამტრედიაში და ხარაგაულში), როცა ახალგარდა მამაკაცებმა მოიკლეს თავი და ამის მიზეზად ისინი სიცოცხლეშივე ასახელებდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში მოხდა არაერთი ფაქტი, როდესაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს მოქალაქეები (მაგალითად, ჟურნალის ელისო კილაძის შვილი, პრეზიდენტის სიძის მეგობარი), რომლებიც საუბრობდნენ პოლიციელების მიერ ნარკოტიკების ჩადებაზე და საბოლოოდ ეს ადამიანები სასამართლომ გაამართლა, თუმცა არ დასჯილან ის პოლიციელები, რომლებმაც განახორციელეს ნარკოტიკების ჩადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი