მაღლაფერიძე: არ მგონია, ივანიშვილი რამდენიმე ნათურით ცდილობდეს გავლენის მოხდენას

საზოგადოებრივ მაუწყებელში ბერას ნაჩუქარი განათების სისტემა უკვე დამონტაჟებულია იმის მიუხედავად, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ჯერ ამაზე ოფიციალური თანხმობა არ მიუცია არხის ხელმძღვანელობისთვის.

სამეურვეო საბჭო ადმინისტრაციისგან ელის ამ სისტემის ღირებულების განსაზღვრას, რის შემდეგაც იქნება უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა როგორც ირკვევა, ამ ფორმალური მხარის შეუსრულებლობას ხელი არ შეუშლია არხის ხელმძღვანელობისთვის ყოფილი პრემიერის შვილის საჩუქარი უკვე მიეღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში “კვირის ინტერვიუ” ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მხრიდან არხისთვის ტექნიკის უსასყიდლოდ გადაცემაზე ისაუბრა.

გადაცემის წამყვანმა ირაკლი აბსანძემ რესპონდენტს ჰკითხა, იყო თუ არა მისი სტუდია ბერას აპარატურით განათებული, “როგორც ეს ერთ-ერთმა კოლეგამ ჰკითხა”, რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ განათება მართლაც არის შეტანილი ტელევიზიაში და “ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

“ნაწილობრივ, რამდენადაც ვიცი, განათების სისტემის დეტალებში ნუ შევალთ, მაგრამ აქ არის მართლაც ეს [განათება] შემოტანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო… შეიძლება, ზოგი [აპარატურა] ამ სტუდიაში ალაგია და ზოგი მეორე სტუდიაში…. მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით განებივრებულები არ ვართ.

მაგრამ, უფრო საინტერესო კითხვას დავსვამდით: რატომ მოხდა, რომ ტელევიზიას, რომელიც ამდენი ხანია ფუნქციონირებს და დაფინანსებას აყვედრიან ჩვენი პატივცემული კოლეგები… მე ამას ირონიით არ ვამბობ, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედით და ბოლო დროს, კიდევ უფრო ინტერესდებიან… რატომ იყო, რომ მას არ ჰქონდა ისეთი განათება, რომ პატარა სტუდიაც კი გაგვენათებინა?”, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის თქმით, ბერა ივანიშვილის მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე აპარატურის გადმოცემა მხოლოდ “კეთილი ჟესტი” იყო და საზოგადოების ნაწილის მხრიდან წარმოქმნილი “აჟიოტაჟის” შედეგს წარმოადგენდა.

“…ძალიან კეთილი სამსახური გაგვიწიეს მედიაექსტეპრტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც გარკვეული აჟიოტაჟი ატეხეს იმაზე,  რომ გაიმარჯვა ფირმამ, რომელიც უკავშირდებოდა ბერა ივანიშვილის სახელს. ეს იმ კონტექსტში იყო გამოთქმული, რომ ბერა გამდიდრებას აპირებდა ამ ტექნიკის მეშვეობით. ამან საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ბერამდე მიაღწია ამ აჟიოტაჟმა, მან გამოხატა კეთილი ჟესტი და აჩუქა [ტექნიკა] საზოგადოებრივ ტელევიზიას. ვფიქრობ, ეს სამაგალითო საქციელია თითოეული მოქალაქისთვის, ვისაც ამის შეძლება აქვს”.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული ფაქტი ივანიშვილების ოჯახის მხრიდან არხის პოლიტიკაზე ირიბი გავლენის მანიშნებელი, როგორც ამას საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, არხის დირექტორმა უპასუხა: “არა მგონია, რომ ამას შიშობდნენ და ეს შიში გულწრფელი იყო. საერთოდ არ მგონია, რომ ეს თემა იდგეს და ამ რამდენიმე ნათურით ცდილობდეს ივანიშვილი [გავლენის მოხდენას]. ეს საკითხი შეთქმულების თეორიის მიღმაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი 20 ერთეული სანათის ყიდვით ცდილობს დაემუქროს პირველ არხს, დავტოვოთ ისინი ამ ფიქრის ბედნიერებაში”.

ირაკლი აბსანძეს ბერა ივანიშვილის მიერ საზმაუსთვის ნაჩუქარი აპარატურის საკითხზე “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და ჰკითხა, იქნებოდა თუ არა მისი გადაცემის სტუდია ამ ტექნიკით განათებული. საპასუხოდ, აბსანძემ თქვა, რომ აღნიშნული დეტალი არ იცოდა.

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდიდა. 23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერა ივანიშვილის კომპანიისგან 346 098 ლარად ქირაობდა განათებას  გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ კი, ბერა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც აპარატურას საზოგადოებრივ მაუწყებელს უსასყიდლოდ გადასცემდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან