გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტით შევარდნაძის ფოტოს გარეშე და შვილიშვილების წუხილი

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ და გულისტკივილს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე მათი ბაბუის ფოტო არ იყო განთავსებული.

“ძალიან იშვიათად ვწერ ბაბუაზე საერთოდ რამეს, მითუმეტეს, პოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული. მარტო საქართველოში შეიძლება გაიხსნას ევროპის მოედანზე გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტით და არ იყოს იქ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო. ეს არც ადამიანურ, არც ობიექტურ და, მითუმეტეს, არც ისტორიულ ლოგიკაში ჯდება. საინტერესოა, თუ საერთოდ ექნებოდა ხალხს იმის საშუალება, რომ კედლის ფრაგმენტს ხელით შეეხოს, არამც თუ ჩემი ბაბუის უდიდესი როლი ბერლინის კედლის დანგრევაში და ევროპის გაერთიანებაში. მარტო საქართველოში…” – წერს სოფიო შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში, გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოების ვერ მოხვედრის გამო გაკვირვება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში. საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში იყო უმნოშვნელოვანესი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ისტორია არის ისტორია,” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას სწორი და დროული უწოდეს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა. ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილები გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდიან და აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მას ჰქონდა სწორი, სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია.

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები გერმანიის ელჩის სახელზე დაწერილ წერილში ქრონოლოგიურად აღნიშნავენ ისტორიულ ფაქტებს, რომელიც მათი ბაბუის როლს ეხება საგარეო ურთიერთობების და ბერლინის კედლის დანგრევის საკითხებში. წერილზე ხელს აწერენ: თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე, სოფიო შევარდნაძე, მარიამ შევარდნაძე, ლაშა შევარდნაძე და ნანული შევარდნაძე.

  • 1985 წლის ივლისი – უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, „ჰელსინკის აქტის“ ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა);
  • 1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი – ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში;
  • 1988 წლის იანვარი – სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;
  • 1988 წლის 12-15 ივნისი – მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში;
  • 1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძული მალტა – ჯორჯ ბუშის ინიციატივით გორბაჩოვისა და ბუშის შეხვედრა; შეხვედრის მთავარი თემა – გერმანიის გაერთიანება;
  • 1989 წლის 12 ივნისი – მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: „ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ“ და “როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება ბერლინის კედელიც დაინგრევა”;
  • 1989 წლის 9 ნოემბერი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა;
  • 1989 წლის 12 თებერვალი, კანადა, ოტავა, „ღია ცის“ კონფერენცია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო – კონფერენციაზე გერმანიის გაერთიანების იდეამ საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე რეალური კონტურები შეიძინა. „დიდი ოთხეული“ (აშშ, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ ფორმულაზე „ორი პლიუს ოთხი“- გერმანიიდან იქნებოდა ორი დელეგაცია, ერთი დასავლეთ გერმანიიდან და მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან. „ორი პლიუს ოთხის“ მოლაპარაკებები: ბონში, ბერლინში, პარიზსა და მოსკოვში;
  • 1990 წლის 23 მაისი, ჟენევა – გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ გაერთიანების პროცესმა თავისი შეუქცევადი დინამიკა შეიძინა;
  • 1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში – არხისში, შედგა გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა -დღის წესრიგი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა;
  • 1990 წლის 12 სექტემბერი – ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორი პლიუს ერთი“, ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს, შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით, გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს „ხელშეკრულება კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.

ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ მშრალი ფაქტების კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად მათი ბაბუის პირად წვლილს და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. მათი განცხადებით, ეს ფაქტები არ ასახავს ედუარდ შევარდნაძის უდიდეს პატივისცემას გერმანელ თანამოაზროვნეებთან და პარტნიორებთან მიმართებაში. როგორც წერილშია ნათქვამი, მხოლოდ მშრალი ფაქტებით არ ჩანს მათი ბაბუის უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც თავისი ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

გერმანიის ელჩის სახელზე დაწერილ წერილში ასევე, აღნიშნულია ის ფაქტი, რომ ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან, ერთ-ერთი წარწერით „Danke, Eduard” მის სახლ-მუზეუმში ინახება: “ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა შემოიარა, რომელიც გერმანიის გაერთანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა. ის რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი. ქალბატონო ელჩო, თქვენ, ეს გამოფენა  საქართველოში იმიტომ გახსენით, და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობის და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ცერემონიალზე ჩამოვიდა და, თვითონაც უკვე დაუძლურებულმა, უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე. სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არა ერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც, კაცის, რომელმაც, ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიის და შესაბამისად – ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.”

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები იმედოვნებენ, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაუშვეს უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია.

“გვჯერა – თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!” – ნათქვამია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების მიმართვაში.

მთავრობის ადმინისტრაცია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების მიმართვის შინაარსს იზიარებს და ადასტურებს ყოფილი პრეზიდენტის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში, თუმცა აღნიშნავს, რომ გერმანიის საელჩო გამოფენის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა:

“გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა.”

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი საღამოზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ წერია, რატომ ვერ/არ მოხვდა ედუარდ შევარდნაძის ფოტოები ევროპის მოედანზე გამართულ გამოფენაში ან თუ შეცდომად თვლიან, ვინ დაუშვა ის.

1989 წლის 13 ივნისს, მეგობრობისა და თანამშრომლობის დეკლარაციასთან შეერთების ხელმოწერას საბჭოთა და დასავლეთ გერმანიის ლიდერები შამპანურით სავსე ჭიქებით აღნიშნავენ. ფოტოზე ჩანან საბჭოთა კავშირის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, დასავლეთ გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი და დასავლეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი. ფოტო: AP Photo/Roberto Pfeil

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.