ახალი ამბები

საია გიორგი როყვას დახმარებას სთავაზობს – შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა ოზურგეთში

11 ნოემბერი, 2017 • 3477
საია გიორგი როყვას დახმარებას სთავაზობს – შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა ოზურგეთში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარმომადგენელზე მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა განხორციელდა. საია აცხადებს, რომ მზად არის, მისივე სურვილის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს გიორგი როყვას.

2017 წლის 8 ნოემბერს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენლის, გიორგი როყვას მიმართ  მუქარა და შანტაჟი განხორციელდა. შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გიორგი როყვას მიმართ მუქარასა და შანტაჟს ახორციელებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე. მათ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს ის სმს შეტყობინებები, რომელსაც გიორგი როყვა უგზავნიდა შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი სირაძეს.

სმს შეტყობინებების მიხედვით, გიორგი როყვა ირაკლი სირაძეს წერდა, რომ ბეგი სიორიძე იყო მასთან და მიუგზავნა თავისი მხარდამჭერები. იგი ირაკლი სირაძეს სთხოვდა, რომ ამ უკანასკნელს სიორიძის მხარდამაჭერებისათვის დაედასტურებინა, რომ შეცდომა იყო და გიორგი როყვა კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი არ ყოფილა. აგრეთვე, სთხოვდა, რომ გაეუქმებინა მისი წარმომადგენლობა, ვინაიდან პრობლემები არ უნდოდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიორგი როყვასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევის შესწავლა დაიწყო. ორი დღის შემდგომ იგი ფაქტთან დაკავშირებით შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხეს.  

გამოკითხვის  შემდგომ გიორგი როყვამ მედიის წინაშე განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირ ზეწოლა არ ყოფილა და კითხვაზე, მართლა გაუგზავნა თუ არა მან მესიჯები, უპასუხა, რომ არანაირი მესიჯები კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენლის ირაკლი სირაძისათვის არ გაუგზავნია. ხოლო კითხვა, გაგზავნილია თუ არა სირაძის მიერ გასაჯაროებული მესიჯები მისი ტელეფონიდან, უპასუხოდ დატოვა.  

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანომ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. საიას განცხადებით, გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო ძალადობის მუქარით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას დაზარალებულზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, მყისიერად დაიწყონ გამოძიება პოლიტიკური ნიშნით შესაძლო ზეწოლის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი