მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ნარმანიას მადლობის სხვა ადრესატები და საბოლოო ანგარიში

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრებს: ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მან წარმადგინა დედაქალაქის მერად და გამომიცხადა ის უდიდესი ნდობა, რამაც მე დიდი ენერგია მომცა; ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს – პრემიერ-მინისტრს, რომლის დროსაც მე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი; ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. დიდი მადლობა მთავრობის წევრებსა და ადმინისტრაციას. ძალიან დიდი მადლობა, დედაქალაქის საკრებულოსა და მის ხელმძღვანელობას, ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს,” – ეს სამადლობელი სიტყვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ექსპო ჯორჯიაში გამართულ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე წარმოთქვა.

დღეს ნარმანიამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, ვიცეპრემიერ სანდრო ჯეჯელავას, მთავრობის სხვა წევრების, თბილისის ახალარჩეული მერის – კახა კალაძის და ჟურნალისტების წინაშე იმ მიღწევებზე ისაუბრა, რასაც მისი შეფასებით, თბილისის მერის პოსტზე მისი მუშაობის შედეგად მიაღწია.

ნარმანიამ ისეთი პროექტები გამოყო, როგორიცაა  “ახალი ტფილისი”, რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა, მეტროსადგურების აღდგენა-მშენებლობა, სამება-მახათას და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა და ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების აშენება. ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ რიგი პროექტების შესრულება განსაკუთრებულად რთული იყო, ვინაიდან, მისი თქმით, მერიაში მოსვლისთანავე ისეთ პრობლემებს გადააწყდა, როგორიცაა “საბოტაჟი, 30-მილიონიანი დეფიციტი ბიუჯეტში და 2013 წლის სტიქიის შედეგები.“

ჟურნალისტების მთავარი ინტერესის საგანი დღეს ის იყო, თუ სად გააგრძელებს მუშაობას მომავალში დავით ნარმანია – დაისვა შეკითხვები – ინიშნება თუ არა გერმანიაში ელჩად, ან აუდიტის სამსახურში? ნარმანიამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოგვიანებით გაცხადდება ამის თაობაზე, თუმცა დღეს აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ წასვლას არ გეგმავს და, შესაბამისად, მისი შესაძლო ელჩობა გამორიცხა.

“ორშაბათს ოფიციალურად გადავაბარებთ ახალ მერს მართვის სადავეებს, წარმატებებს ვუსურვებ მას  და დავისვენებ ძალიან ცოტას, რის შემდეგაც, რასაკვირველია, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია ის, რომ საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები ქვეყანაში. როგორც კი დასრულდება კონსულტაციები და მივიღებ გადაწყვეტილებას, გეტყვით პასუხს,” – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას შემდგომი დასაქმების ადგილზე არც პრემიერმა კვირიკაშვილმა ისაუბრა, ის მადლობის ტექსტით შემოიფარგლა და კალაძის მომავალი მერობის პერიოდის წარმატებულობაზე გაამახვილა ყურადღება.

“მე მინდა დავით ნარმანიას გადავუხადო დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. ის ამ წლების განმავლობაში ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან წარმოადგინა ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია. ნამდვილად ბევრი აქვს მას საამაყო. დავით ნარმანია რჩება ჩვენი გუნდის წევრად და, რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება. და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის, და ეს ასეც იქნება. ყველაზე მეტად კახის წარმატება, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც მადლობა გადაუხადა დავით ნარმანიას: “მე პირადად მეუფლება დიდი სიამაყე იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაც გააკეთა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საძირკველი არის შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის განვითარება გაგრძელდეს სწრაფად, დინამიურად და ის იყოს ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი.“

კახა კალაძემ განაცხადა, რომ დავით ნარმანიამ ძალიან რთული მემკვიდრეობა მიიღო, რომლის პირობებშიც, არავის ჰქონია ქალაქში ყველა პრობლემის აღმოფხვრის ილუზია.

“ვნახეთ ის პროექები, რომლებიც 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: დათოს ძალიან რთული მემკვიდერობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს. იმის ილუზია არავის ჰქონდა, რომ 3 წლის განმავლობაში ყველა ის პრობლემა მოგვარდებოდა, რომელიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა.”

გარდა ამისა, კალაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ განცხადებას, რომელიც მან სითი პარკის თაობაზე გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპანიის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს.

“სიახლე მე არაფერი მითქვამს, მე ამას ვამბობდი წინსაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც და შესაბამისად იქნება სამართლებრივი გზით.  არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი.” – განაცხადა კახა კალაძემ.  

“სითი პარკის” ხელშეკრულებას გამოეხმაურა დავით ნარმანიაც. თუმცა, მისი თქმით, მერიასა და კომპანიას შორის იმდენად კაბალური ხელშეკრულება დაიდო, რომ შეუძლებელი იყო რაიმე სახის სამართლებრივი მოლაპარაკება.

“ჩვენი მმართველობის დროს, წინასაარჩევნო პერიოდშიც, ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ სითი პარკთან დადებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. იცით, რომ ჩვენმა წინამორბედებმა ამ ხელშეკრულებას გრიფი საიდუმლო დაადეს. ჩვენ მოვხსენით გრიფი და განვათავსეთ მერიის საიტზე, რომლის მიხედვითაც, თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის დარღვევის შემთხვევაში, თბილისის მერიას მინიმუმ 25 მლნ ლარის გადახდა მოუწევდა. ჩვენ ვეცადეთ ყველა სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. მათ შორის იყო რამდენიმე ცხარე კამათი, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. კომპანია ადმინისტრაციულად რამდენჯერმე იყო დაჯარიმებული, სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არა მგონია, რაღაცა სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იყოს. ყოველი შემთხვევისთვის, კარგია, რომ რაღაც ახალის ცდა მოხდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია თბილისის  მერი 2014 წლის 2 აგვისტოდანაა. კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილებას 12 ნოემბრიდან განახორციელებს.

დავით ნარმანია, ფოტო: თბილისის მერიის პრესსამსახური


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან