ახალი ამბები

EMC ლგბტქი აქტივისტების დაცვისკენ შსს-ს მოუწოდებს

10 ნოემბერი, 2017 • 3388
EMC ლგბტქი აქტივისტების დაცვისკენ შსს-ს მოუწოდებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ლგბტქი აქტივისტების, კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრების მიერ ფეისბუქში განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე  სახელმწიფოს ეფექტიანი ღონისძიებებისა და სათანდო დაცვისკენ მოუწოდებს.

EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:

[checklist]

  • კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ გამოვლენილი მუქარის სხვადასხვა ეპიზოდი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კონტექსტში შეაფასოს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გამოვლენილი ქმედებები  სსკ-ის 144 3 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა)  დადგენილი სტანდარტით შეფასდეს და ასევე, უზრუნველყოფილი იქნას საქმეზე სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება. ამასთან, არსებითია, პროკურატურამ აქტივისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს და იდენტიფიცირებული პირები დროულად გამოკითხოს
  • გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები (მათ შორის, მითითებული ულტრაკონსერვატიული ჯგუფების  საქმიანობისა და სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის მუდმივი მონიტორინგი, მათგან მომდინარე რისკების სათანადო გაზომვის მიზნით; მსგავსი ინციდენტების წინააღმდეგ კრიტიკული საჯარო განცხადებების გავრცელება) და დაზარალებული პირების მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიებების (მათ შორის, განგაშზე გამოძახება) გამოყენება;

[/checklist]

კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე, მათი საჯარო აქტიურობის გამო, ინტენსიურად იღებენ ძალადობაზე მუქარის შემცველ ინდივიდუალურ და საჯარო შეტყობინებებს სხვადასხვა ულტრანაციონალისტური აგრესიული ჯგუფების, მათ შორის „ქართველთა მარშის“, ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის –,,საქართველოს ერთობის“ წევრების მხრიდან. აქტივისტების საჯარო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე საჯარო მოწოდებები ასევე გააკეთა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ.“

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (მუქარა) საფუძველზე გამოძიება დაიწყო. აქტივისტების ინტერესებს გამოძიების წინაშე EMC იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი