ახალი ამბები

საია პროკურატურას ამირან კვირიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

10 ნოემბერი, 2017 • 1461
საია პროკურატურას ამირან კვირიკაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შსს-ს ნაცვლად საქართველოს პროკურატურა უნდა აწარმოებდეს და შესაბამის ორგანოებს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“გავრცელებული ინფორმაციით, კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ.
ამ პირობებში, ოფიციალური ინფორმაციით, საქმის შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლები ახორციელებენ, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორს საიაში აცხადებენ,  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება.

საია ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პარქტიკაზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელმაც გამოძიების მიკერძოებულობა დაადგინა, ნათქვამია, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლება აწარმოეს:

“ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ევროპულმა სასამართლოს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოძიების მიკერძოებულობა დაადგინა, იყო ის, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა აწარმოეს. სასამართლომ დარღვევად ჩათვალა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პროკურატურას არ გადასცა მაშინვე, როცა შეიტყო, რომ ამ დანაშაულში წვლილი სავარაუდოდ შს სამინისტროს თანამშრომლებს მიუძღოდათ” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კვირიკაშვილის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას და მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ
დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები, და ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუყოვნებლივ გადაეცეს
საქართველოს პროკურატურას:

“ამასთან, პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს საქმის ყოველმხრივი, სწრაფი და ობიექტური გამოძიება და როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ასევე საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე” – ნათქვამია განცხადებაში.


ამირან კვირიკაშვილმა, რომელიც ხარაგაულში ცხოვრობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ის გუშინ დაკრძალეს. მისი ოჯახის წევრების თქმით, სუიციდის მიზეზი პოლიციის მხრიდან მუქარას უკავშირდება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გარდაცვლილის სიძეს, თორნიკე გაბადაშვილს, რომელსაც მომხდარის თაობაზე ვრცლად ვესაუბრეთ:

პირველ რიგში, თქვენ რას უკავშირებთ ამირანის გარდაცვალების ფაქტს – სუიციდის მიზეზად თქვენც პოლიციის მხრიდან ზეწოლა მიგაჩნიათ?

ზეწოლა იყო, რად უნდა ამას დაკავშირება. მასე იყო რეალური ფაქტი.

რას საქმიანობდა ამირანი?

მუშაობდა, მშრომელი ადამიანი იყო. რა ვიცი, რა გითხრათ. ზოგჯერ მანქანის “გრუზი” მოვიდოდა, ჩამოცლიდა. შავი მუშა იყო. არასრული საშუალო განათლებით. პატიოსანი, მშრომელი ადამიანი იყო. რასაც საშრომს ნახავდა, შრომობდა.

იყო თუ არა მანამდე ნასამართლევი?

არა. ნასამართლევი ყოფილა კი არა, მაგისგან ნაწყენი ადამიანი ბუნებაში არ მოიპოვება.

მისი და სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მას ხშირად იბარებდნენ პოლიციაში? რის გამო იბარებდნენ? ბოლოს როდის იყო პოლიციაში?

პოლიციაში სიკვდილამდე სამი დღით ადრე იყო. დაბარების მიზეზი არ ვიცი. ხუთი საათის განმავლობაში ჰყავდათ მიყვანილი და პოლიციიდან რომ გამოუშვეს, ასე უთხრეს – პოლიციაში თუ გვყავდი მოყვანილი, არ გაამხილო სადმეო და აბა, მე საიდან ვიცი?! მიბრძანდით პოლიციაში და მაგათმა თქვან, რა უთხრეს და რა მოხდა. მე არაფერი ვიცი.

მისი და ამბობს, რომ პოლიცია თანამშრომლობას აიძულებდ. რა ტიპის თანამშრომლობაზე იყო საუბარი?

კი. რა ტიპის თანამშრომლობაზე იყო საუბარი და თუ ვინმე რამეს დააშავებდა, მარიხუანას მოიხმარდა, ან დანაშაული თუ მოხდებოდა, თავის თავზე უნდა აეღო ეს დანაშაული. რაც ხდება ძირითადად პოლიციაში. რატომ მეკითხებით? – არ იცით, როგორც ხდება?! ერთი და იგივე ხელწერა რომ არის, გინდა თბილისი იყოს, გინდა ხარაგაული, გინდა ქუთაისი. სხვადასხვანაირად მოქმედებენ სადმე?!

მისი და ასევე ამბობს, რომ დაჭერით ემუქრებოდნენ. რის გამო შეიძლებოდა ის დაეჭირათ?

კი ბატონო, ემუქრებოდნენ. მის ძმას  თუ ვერაფერს დავუშავებთ, შენ დაგიჭერთო.

კონკრეტულად თუ იცით პოლიციის იმ თანამრომლის ან განყოფილების შესახებ რაიმე ინფორმაცია, ვინც ემუქრებოდა ამირანს?

უშუალოდ განყოფილების მოადგილე, რიკაძეა გვარად, სახელი არ ვიცი. პოლიციის უფროსის მოადგილეა. ის იყო უშუალოდ მაგის ორგანიზატორი. და მაგის გარდა, პოლიციის 7 თანამშრომელი.

დაიკითხა თუ არა პოლიციის მიერ ოჯახის წევრები?

მოვიდნენ და საბუთები მოითხოვეს. ბოლოს ამან 20 დღის წინ გაიკეთა ოპერაცია ხერხემალზე, მაგის საბუთები მოგვეციო, უნდა წავიღოთო, როგორც ნაოპერაციები იყო. ოჯახიდან გაყარეს. ვინ გააჩერებდა სახლში, მითხარით ახლა? როცა 28 წლის შვილს თავი მოაკვლევინეს?!

როგორ აპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას?

ბრძოლის გაგრძელებას როგორ ვაპირებ და თქვენი იმედით და თქვენით. თუ მაგით ვერ მივაღწევ, მერე უკვე ჩემებურად მივაღწევ.

მასალების გადაბეჭდვის წესი