თბილისის გეგმები აფხაზეთში უფასო დენზე გაზრდილი მოთხოვნის შესამცირებლად

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით თბილისში ორდღიანი ღონისძიება გაიმართა. მთავარი თემა ევროკავშირთან ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ქვეყანაში ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები იყო. ასევე განიხილეს აფხაზეთის საკითხი, სადაც ენგურჰესიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება.

კანონპროექტის პირველადი ვერსია “ენერგეტიკულმა გაერთიანებამ” ჯერ კიდევ იანვარში მიაწოდა საქართველოს მხარეს. ამის შემდეგაც როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე პროცესებში ჩართულ სხვა დაინტერესებულ მხარეებს უნდა ემსჯელათ და თავიანთი ვერსია წარედგინათ, თუმცა, როგორც სპეციალისტთა ნაწილი აღნიშნავს, აქამდე ეს არ მომხდარა. ამის მიზეზად ენერგეტიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს და კოორდინაციის ნაკლებობას ასახელებენ.

ენერგეტიკის სამინისტროს ახლა უკვე აქვს თავისი ვერსია მომზადებული, თუმცა, როგორც ენერგეტიკის მკვლევარი გიორგი მუხიგულიშვილი ამბობს, აუცილებელია განხილვებში სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვაც.

ახალი კანონმდებლობის მიღების ვადა ელექტროენერგიის სექტორში 2019 წლის 1 იანვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბოლომდე საქართველო ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. რაც შეეხება გაზის სექტორს, ერთი წლით გვიან – 2020 წლის დასაწყისამდე უნდა გატარდეს რეფორმები.

“არაა დიდი დრო დარჩენილი და საჭიროა პროცესების დაჩქარება იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანონის მიღება. უფრო მეტი რამეა გასაკეთებელი: ინსტიტუციური გარემოა შესაქმნელი, მეორადი კანონმდებლობაა მისაღები და ა.შ. ამ ღონისძიების მიზანია, შევაჯამოთ, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ, რა გაკეთდა და რა უნდა გეკეთებულიყო, რაც ვერ გაკეთდა; რა იყო ძირითადი ბარიერები და პრობლემები. მაგალითად, მიიღეს რამდენიმე ცვლილება კანონში, რომლითაც კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით მიმწოდებლებს და მომხმარებლებს მიეცათ ბაზარზე შესვლის უფლება. ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. წინასწარი ვერსია უკვე მომზადებულია კანონის. ეს კარგია, მაგრამ საჭიროა მისი საბოლოო ვერსიის მიღება და დამტკიცება; ისეთის, რომელიც გაითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის და მოთამაშის ინტერესებს,” – ამბობს გიორგი მუხიგულიშვილი, ორგანიზაციის ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) წამყვანი მკვლევარი.

სპეციალისტის თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ გაკეთდა ბევრი რამ, ხოლო ერთ-ერთ მაგალითად ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმას ასახელებს, რომლის წინასწარი ვერსია უკვე წლებია აქვს საქართველოს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა:

“ასევე, არ არის გავლილი ის მოსამზადებელი საკითხები, რომლებიც 2018 წლის 31 დეკემბრისთვის უკვე საბოლოოდ გადმოიტანს იმ კანონმდებლობას, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დადებითია ის, რომ მიმდინარეობს სხვადასხვა დონორული პროექტები, სადაც ექსპერტები და კომპანიები მუშაობენ, მაგალითად, ბაზრის დიზაინის შექმნაზე, ენერგოეფექტურობის კანონის შექმნაზე და სხვადასხვა ასეთი მიმართულებებით.”

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთან დაკავშირებით ახსენა გაზის ტრანზიტის საკითხი, რომელიც დღეისათვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან წინასწარი მოლაპარაკებები საქართველოს უკვე ჰქონდა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და დეროგაცია (დროებითი გადახედვა) მიღებული აქვს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა ისაუბრა, ეს არის ენგურჰესის საკითხი, რომელსაც რეგულირებადი ფასი უწესდება; ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ენგური პრობლემას წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ქვესადგური აფხაზეთშია. გარდა ამისა, საქართველო ყოველწლიურად უფასოდ აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, ხოლო ენგურის ელექტროსადგური არის ქვეყნის ენერგეტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელი. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება გაურკვეველი მიზეზების გამო, ხოლო ეს საკითხი ყურადღებას საჭიროებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა ამბობს, რომ სემეკი თავიდანვე იყო ჩართული ამ პროცესში და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა კომისიაშიც დაწყებულია:

“ასევე, იყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა სამინისტროს და სექტორში დასაქმებული სხვა კომპანიების მონაწილეობით. დღეს არის პირველი ნაბიჯი საჯარო განხილვების. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ენერგეტიკული სექტორის კომპანიების, პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოების და სემეკის დოკუმენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს მთლიან რეფორმირებას ენერგეტიკული სექტორის და სჭირდება ძალიან ფართო კონსენსუსი. არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბაზრის პოტენციური მონაწილეები – ყველა უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული.”

როგორც მილორავა აცხადებს, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე მოდის შესაბამისობაში მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებთან, რაც არის ძირითადი დოკუმენტი ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებისთვის და რომელთან ჰარმონიზაციის ვალდებულებაც საქართველომ აიღო ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების გზით.

“შესაბამისად, გვიწევს საბაზისო დოკუმენტზე მუშაობა, რომელშიც მესამე ენერგეტიკული პაკეტის პრინციპებია ასახული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს აქვს თავისი სპეციფიკური განმასხვავებელი ნიშნები, მაგალითად, სხვა ევროპული ქვეყნებისგან; პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ გეოგრაფიულად არ გვაქვს წვდომა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე. ამიტომ განსხვავებული მიდგომების გამოყენება მოგვიწევს გარკვეულ ნაწილში. პრინციპში, როდესაც ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ოქმზე მოეწერა ხელი, ასეთი გამონაკლისები იქაც ჩაიდო – კონკრეტული დირექტივები არ გავრცელდება ქართულ რეალობაზე. ეს შეეხო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებს. ამიტომ წარმოდგენილი დოკუმენტი ახლა უნდა დამუშავდეს და გავითვალისწინოთ ის განსაკუთრებული ხასიათი, რაც აქვს ქართულ ენერგეტიკულ სექტორს,” – ამბობს სემეკის თავმჯდომარე.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი, ირინა მილორავა საქართველოს კიდევ ერთ თავისებურებად აფხაზეთის საკითხს ასახელებს, სადაც საქართველო ელექტროენერგიის მიწოდებას ვერ აკონტროლებს, რასაც სავარაუდოდ, დაგეგმილი რეფორმის პროცესში გაითვალისწინებენ:

“ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი, ვინაიდან აფხაზეთში მოხმარება იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იაფი რესურსი, რომელიც აქვს ქვეყანას ენგურჰესით და ვარდნილჰესით, გაცილებით მეტი მიდის ამ მოთხოვნის დასაფარად. ამას სჭირდება გარკვეული მიდგომა, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი უწყების გადასაწყვეტი, მით უემტეს, მარეგულირებელი კომისიის. ეს არის უფრო პოლიტიკური საკითხი, რომელიც საჭიროებს ძალიან ფრთხილი და თან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას.”

WEG-ის წამყვანი მკვლევარი, გიორგი მუხიგულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს და აფხაზეთის მხარემ უნდა დაიწყონ მუშაობა იმის დასადგენად, თუ რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ასე იზრდება მოხმარება აფხაზეთში, ხოლო შემდეგ დაიწყოს მოსახლეობის გამრიცხველიანება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებები დანერგვა.

“ჩვენთან გარკვეული დონორული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მეტია საჭირო. აფხაზეთის ე.წ. მთავრობაც თუ დაიწყებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვაზე მუშაობას, მისასალმებელი და კარგი იქნება,” – ამბობს მუხიგულაშვილი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ექნება ახალი კანონმდებლობა ელექტროენერგიის სექტორში და არ მოხდება ვადის გადაცილება.

“დრო გვაქვს ჯერ, თუმცა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მოითხოვს ძალიან ბევრ განხილვას. ჩვენ არ გვინდა, მყისიერად და დაუფიქრებლად მივიღოთ ეს კანონი და რომ არ იმუშაოს, ვცვალოთ. გვინდა, წინასწარ მოხდეს მისი ანალიზი; კეთდება სიმულაციები, ანგარიშები და ამას მიაქვს დიდი დრო. შესაბამისად, ეს არ ხდება მალე. გადავადება არ მომხდარა, უბრალოდ, დროშია მაქსიმალურად გაწელილი იმისთვის, რომ შედეგი დაიდოს და არ მოხდეს ფასების რყევა, მოულოდნელი შედეგები და უკმაყოფილება კერძო სექტორიდან,” – ამბობს ჩიქოვანი.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო აფხაზეთში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ენგურჰესის პრობლემის მოგვარებას, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ თბილისმა სოხუმს უნდა გაუზიაროს მისი სამაგალითო გამოცდილება.

“ენგური ჩვენი ენერგოსისტემისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც, როგორც ყველა ობიექტი, საჭიროებს რეაბილიტაციას. ახლა ვმუშაობთ ამ რეაბილიტაციის გეგმაზე, თუ როგორ განხორციელდეს; როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიწყება რეაბილიტაცია. აფხაზეთში იზრდება მოთხოვნა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი მუშაობით ჩვენს აფხაზ მოქალაქეებთან შევძლებთ ზრდის შემცირებას და მოვიხმართ ენგურს, როგორც ადრე. როგორც სხვებს ვუზიარებთ გამოცდილებას რეგიონში, მათაც უნდა გავუზიაროთ ის, თუ როგორ მოხდა გამრიცხველიანების და ფასის მატების დროს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც ძალიან ეფექტური მეთოდებია. ეს ორი საკითხია, რომელსაც ყველას ვუზიარებთ – არა მხოლოდ აფხაზებს, არამედ გარშემო მთელ რეგიონში, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანა ვართ ამ რეფორმების განხორციელებით,” – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი ჩიქოვანმა.

თბილისში მიმდინარე ღონისძიების მონაწილეები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ დაიგეგმება ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, რეალურად, შესაძლებლობა უფროა საქართველოსთვის, ვიდრე ვალდებულება, ხოლო თუ ქვეყანას სექტორის განვითარება სურს, მან სწორედ ამ გზით უნდა იაროს.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი, იანეშ კოპაჩი აცხადებს, რომ ამ ღონისძიებით უკვე დაიწყო მომზადებულ კანონპროექტზე ფართო მსჯელობა, თუმცა სამომავლოდ კიდევ ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდება ენერგოსექტორში ჩართულ ყველა პირთან ერთად. მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა საჭირო ვალდებულებას და უზრუნველყოფს ბაზრის, მარეგულირებლის ფუნქციონირებას.

ღონისძიება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებასთან დაკავშირებით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.