ახალი ამბები

თბილისში აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

10 ნოემბერი, 2017 • 2231
თბილისში აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში არსებული აგრარული ბაზრების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევებისას 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. აქედან ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი  შეუჩერდა  და 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. 

“აქტიურად მოწმდება აგრარული ბაზრები. შემოწმებისას ყურადღება გავამახვილეთ ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების რეალიზაციის პირობებზე, გამოიკვეთა რამდენიმე შეუსაბამობა, ძირითადად არის ეტიკეტირების წესის დარღვევა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორებს ჩვენ მივეცით რეკომენდაციები გამოსწორებისთვის. გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული”,- ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე. 

სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცის და რძის პროდუქტების  სექციებზე. კერძოდ, მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა.

სააგენტოს ცნობით, 2017 წელს სულ 161 ბიზნესოპერატორი შემოწმდა:

“სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, აქედან 4 – რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა”,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი