ახალი ამბები

‘სამართლიანი არჩევნების’ შეფასებით, ოზურგეთში არათანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი

10 ნოემბერი, 2017 • 2350
‘სამართლიანი არჩევნების’ შეფასებით, ოზურგეთში არათანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია მდგომარეობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხელ ბენიძემ დღეს, 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში მეორი ტურის წინა პერიოდი, რაც ხელს უშლის თავისუფალი და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას.

“ოზურგეთის ოლქში ამომრჩევლის მუქარა-ზეწოლის 4 და ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოხელე არის ჩართული, რომლებიც ქართული ოცნების კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ბენიძემ ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრის, გიორგი როყვას გაუჩინარების საკითხზე, რომელიც გუშინ, 9 ნოემბერს პოლიციამ რკინიგზის სადგურზე ნახა.

შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ნეტგაზეთთან ამბობდა, რომ როყვა 7 ნოემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი თქმით, 7 ნოემბრის 15:00 – 16:00 საათზე როყვაზე ზეწოლა განხორციელდა, რადგან მას ხუთის წუთებზე შეხვდა და ნახა, რომ ანერვიულებული და დაშინებული იყო.

“გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტურის დროს როყვას მიმართ  განხორციელებული ზეწოლა იმას უკავშირდება, რომ იგი ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მისი მხარდამჭერები შესაძლოა მეორე ტურში მერობის კანდიდატის მხარდამჭერები ყოფილიყვნენ”, – ამბობს მიხეილ ბენიძე.

ბენიძემ განაცხადა, რომ კითხვებს აჩენს ის გარემოება, თუ როგორ აღმოჩნდა იგი პოლიციის განყოფილებაში. ბენიძემ ისაუბრა იმაზეც, რომ გიორგი როყვას მიმართ ზეწოლა განხორციელდა პირველი ტურის წინა პერიოდშიც, როდესაც როყვა თავად იყრიდა კენჭს ოზურგეთის თემში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარ კანდიდატად.

ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა ოზურგეთის ოლქში აღრიცხული სხვა ფაქტებიც:

[checklist]

  • მაკვანეთის მკვიდრმა ელზა ქათამიძემ უთხრა ორგანიზაციის დამკვირვებლებს, რომ 3 ნოემბერს მათთან მივიდა ოცნების კოორდინატორი, მოსთხოვა პირადი ნომერი, მობილურის ნომერი და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აძლევდნენ ხმას.
  • ამავე სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი საუბრობს იმაზე, რომ მას დაუკავშირდა ოცნების კოორდინატორი და მიანიშნა, რომ მისი ნათესავი მუნიციპალიტეტშია დასაქმებული და ის არ უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერი.
  • ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მათთან მივიდნენ მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე და მისი მეუღლე ვლადიმერ ვადაჭკორია, რომელიც საკრებულოს წევრია. თამარ დუმბაძე დაჰპირდა მას, რომ გაზის გადასახადს დაუფარავდნენ, თუ ის და მისი მეუღლე ბეგლარ სიორიძეს დაუჭერდნენ მხარს.

[/checklist]

სამართლიანი არჩევნებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ხაშურის ოლქში სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ემუქრებოდნენ ერთ-ერთ პირს.

“მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს, რომ არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ამომრჩევლის მოსყიდვისგან, ასევე, ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა აღქმული იქნას ამომრჩევლის ნების კონტროლად”, – ამბობს მიხეილ ბენიძე.

ბენიძე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ  დაიცვას ამომრჩევლის პირადი ინფორმაცია.

ბენიძის შეფასებით, ის, რომ ზეწოლის ფაქტები კონცენტრირებულია ოზურგეთში, ცხადყოფს, რომ იქ წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს ზეწოლისა და დაშინების ფონზე, რაც თანასწორ წინასაარჩევნო გარემოს არ ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი