ახალი ამბები

ლიბანის საკითხებზე საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება

10 ნოემბერი, 2017 • 1737
ლიბანის საკითხებზე საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუდის არაბეთში ვიზიტს იწყებს. საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. მაკრონის განცხადებით, ვიზიტისას ლიბანში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ლიბანი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა. ორ ქვეყანას დღემდე მჭიდრო ურთიერთობები აქვთ.

საფრანგეთის პრეზიდენტის საუდის არაბეთში ჩასვლა ლიბანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება.

ურთიერთობა საუდის არაბეთსა და ლიბანს შორის გასული კვირის ბოლოს დაიძაბა, როცა ლიბანის უკვე ყოფილი  პრემიერ-მინისტრი საად ალ-ჰარირი არ-რიადში ჩავიდა და იქ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. ჰარირიმ, რომელიც იქამდეც მოიაზრებოდა საუდის არაბეთის მოკავშირედ და წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდანაა, განაცხადა, რომ ლიბანში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რაშიც ირანსა და მის მოკავშირე “ჰეზბოლას” ადანაშაულებდა.

“ჩემი სურვილია, ყველა ლიბანელმა პოლიტიკოსმა თავისუფლად იცხოვროს ლიბანში,”-განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

“ჰეზბოლა” შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა ლიბანში, რომელიც ქვეყნის პარლამენტშია წარმოდგენილი და საკუთარი გასამხედროებული მილიცია ჰყავს. ის აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

Le Monde-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საუდის არაბეთში ორი დღე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი