კალაძის თქმით, თბილისის მერია “სითი პარკს” სასამართლოში უჩივლებს

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე სითი პარკის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები აჩენს კითხვას, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა “სითი პარკი”.

“ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი, რომ ვნახოთ სტატისტიკა, სითი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მიერ არის დაწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% არის გაუმართლებელი განაჩენი, მოქალაქეების საკეთილდღეოდ გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ეს კომპანია მოქმედებს არასამართლებრივად? შესაბამისად, მივმართავთ სამართლებრივ გზას,”- განმარტა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ეს, რომ მერია სითი პარკის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს, კალაძე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით იურისტები ჩაერთვებიან.

“რა თქმა  უნდა, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, როდესაც ვახსენებ სამართლებრივი გზით წასვლას. იურისტები ჩაერთვებიან და ამ კუთხით ვიმუშავებთ,” -განაცხადა კახა კალაძემ

კახა კალაძე “სითი პარკზე” წინასაარჩევნო პერიოდშიც საუბრობდა. ფეისბუკში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში  კალაძე აღნიშნავს,  პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს , ხოლო “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება “მიუღებელი და არასწორია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან