ახალი ამბებისამართალი

3 პირი, რომლებმაც თურქულ ბარში მოქალაქეები შეურაცხყვეს, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს

9 ნოემბერი, 2017 • 3881
3 პირი, რომლებმაც თურქულ ბარში მოქალაქეები შეურაცხყვეს, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს

შსს-ს ცნობით, ახალციხეში, ერთ–ერთ თურქულ ბარში მყოფი საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, სამმა პირმა, ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად შეურაცხყვეს ერთმანეთი, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.

“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება შევიდა.

ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე (საქართველოს ასკ-ს 173-ე მუხლით) ადგილზე დააკავა”, – იუწყება შსს.

შსს–ს ცნობით, ბარში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოიკითხა ყველა მოწმე. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის პირველი ნაწილით).

პოლიციის ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამივე პირი პოლიციამ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

“ერთ-ერთმა დაკავებულმა, გ.კ-მ დამატებითი სამედიცინო შემოწმება მოითხოვა. პოლიციამ იგი, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა. საავადმყოფოში გ.კ-ს ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება ჩაუტარდა, კომპიუტერული ტომოგრაფიების ჩათვლით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას რაიმე სახის დაზიანება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აღენიშნება. გ.კ. ამჟამად გადაყვანილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვა”, – აცხადებს შსს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი